დღეს, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" ოფიციალურად წარადგინა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ. „დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად 44 წლის ავსტრიელი ფეხბურთის სპეციალისტი - ფერდინანდ ფელდჰოფერი იმუშავებს. მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი შეთანხმება შედგა.
ყოფილი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ადგილობრივ „ლაფნიცში", 2015 წელს დაიწყო. 2019 წლიდან ავსტრიელი სპეციალისტი „ვოლფსბერგერს" წვრთნიდა და გუნდთან ერთად, ევროპა ლიგის მერვედფინალშიც ითამაშა, გუნდში კი ორი ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე ასპარეზობდნენ. ფელდჰოფერის ბოლო კლუბი ვენის „რაპიდი" გახლდათ.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ფერდინანდ ფელდჰოფერი სხვადასხვა დროს „შტურმის", ვენის „რაპიდის" და „ვაკერ ინსბრუკის" ღირსებას იცავდა. 2010 წელს კი, ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე, „დინამოსა" და „შტურმის" დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა", - ნათქვამია კლუბის საინფორმაციო წერილში.
„მიხარია, რომ საბოლოდ აქ ვარ და შევხვდი ბიჭებს, პერსონალურად ფეხბურთელებს. მოუთმენლად მოველი მოედანზე გასვლას და მუშაობის დაწყებას. გუნდში, კლუბის პრეზიდენტის და ზაზა დოლიძის მოწვევით მოვედი. გამომდინარე იქიდან, რომ მე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება მქონდა, ასევე ნამუშევარი ვიყავი ქართველ ფეხბურთელებთან, საჭიროდ ჩათვალეს, რომ მოვახერხებდი ახალგაზრდა ფეხბურთელების, შესაბამისად გუნდის განვითარებას. ასე, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოხარული ვარ აქ ყოფნით, ერთ-ერთ დიდ კლუბში მოსვლით. კი, მე ვიცი ამ კლუბის ისტორია და დაახლოებით 15 წლის წინ, მომიწია ამ გუნდთან თამაში და მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ეთამაშო ასეთი ისტორიის გუნდს. ამ გამოწვევისთვის მოტივირებული ვარ. ვემზადები პირველი თამაშისთვის, ვარჯიშებისთვის. მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ და შევხედავთ. ამისათვის, მინდა რომ კლუბში თითოეულ პიროვნებაზე ვიცოდე ყველაფერი. ვფიქრობ წარმატებული იქნება", - ამბობს ფელდჰოფერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველზე ტიტულოვან გუნდს, პირველი თამაში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფონზე, საქართველოს სუპერ თასზე, თბილისის „იბერია 1999"-ის წინააღმდეგ უწევს. თუმცა, ამ მატჩამდე ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე უეფა-ში „დინამო თბილისისა" და ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვევა უეფა-ს ევროტურნირების სეზონზე.