„უცნაური“ ამბები ხდება გერმანიაში...
„უცნაური“ ამბები ხდება გერმანიაში...
17.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ჩენი გვერდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, კონკრეტულად კი. თქვენი მონა მორჩილი, როგორც იქნა გერმანიაში ჩამოვედი. როგორც იქნა, იმიტომ, რომ სტამბოლოდან ევროპის მიმართულებით ისეთი საცობი შეიქმნა საბიჰა გიოგჩენის აეროპორტში, რომ თვითმფრინავიდან ჩამოსვლაზეც კი დავიწყე ფიქრი. თუმცა, შემდეგ გვარიანად დაღლილს, დაახლოებით ნახევარი საათი ჩამეძინა და ეს, საკმარისი გამოდგა, რომ მთელი დღე, თქვენთვის პატარ-პატარა ამბები შემეგროვებინა.


გერმანული „თავგადასავალი" კი, დიუსელდორფში დავიწყე, ქალაქში, სადაც 2024 წლის 26 მარტამდე, ქართული ფეხბურთის ყველაზე ხმაურიანი და საამაყო ისტორიის ფურცელი დაიწერა. სწორედ, ამიტომ, ჩემთვის, რომელსაც ეს თამაშიც კარგად მახსოვს და შემდგომი ემოციებიც, აკრედიტაციის დიუსელდორფში აღება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გამოვყევი, არც უეფა-ს საკლუბო ტურნირების ფინალებს დავსწრებივარ, შესაბამისად, უეფა-ს სუპერთასის და სანაკრებო თამაშების გამოცდილების გარდა, აკრედიტაციის აღების სხვა პრაქტიკა არ მქონდა.



აკრედიტაციის ცენტრში, საბედნიეროდ, მისი მიღების მსურველი ბევრი არც არავინ დაგვხვედრია. მცირე გასაუბრების და ზოგადი კითხვების შემდეგ, სულ რაღაც 7-8 წუთში, უკვე აკრედიტაციის ნებართვა, ოფიციალურ აკრედიტაციაში გადავცვალე.  აი, მერე კი, მოვიდნენ და მოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩემი კოლეგები, მაგრამ მე, ქართველ კოლეგებთან ერთად, უკვე ვუპერტალის გზას ვადექი, ველბერტის გავლით, სადაც არც კი გვიფიქრია შეჩერებაზე, რადგან ვიცოდით, რომ დღეს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ე.წ. MD2 დახურული ვარჯიში ჩატარება უწევდა.


დიუსელდორფიდან ვუპერტალამდე, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 35 წუთამდეა ავტომობილით სავალი, ამინდი იმდენჯერ შეიცვალა და თან ისე ციოდა, რომ მარტს უფრო გაგონებდა, ვიდრე ივნისს. თუმცა, საღამოსკენ წვიმამ გადაიღო და პატარა ქალაქში, რომელშიც 2007 წლის მონაცემებით 357 177  მოსახლე, შესაძლოა 2024 წელს უფრო მეტი, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას კი, აშკარად ქომაგთა ერთ-ერთ თავშეყრის ადგილად იქცა სხვადასხვა ქვეყნის ქომაგებს გადავაწყდით.


პატარა ბიჭებმა გაგვიარეს  და აი, ისე, ჩემს „ჭინკებს" („დინამო თბილისის აკადემიის" ფეხბურთელები) რომ უყვართ, ფოტოკამერის დანახვაზე დაიწყეს პოზირება. გამოველაპარაკე, იტალიელები იყვნენ. მათაც მკითხეს საიდან ხართო და საქართველოდან-თქო, რომ ვუთხარი, ყველაზე მაღალი და გამხდარი გამოეყო, ორივე ხელი ჰაერში აღმართა და კვა-რა-ცხლე-ლიააა -ო დაიძახა. მესიამოვნა, მართლა, რომ უფიქრდები კვარამ, როგორი დიდი საქმე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, ჯერ კიდევ არ გვაქვს შეფასებული...


ის ბიჭები, ახალი წასულები იყვნენ, გოგონებმა ჩამოიარეს... ჯერ გერმანელები ვართო, თქვეს, თუმცა ფეხბურთზე და საყვარელ გუნდზე, რომ ჩამოვუგდე ლაპარაკი, ეგრევე თურქეთიო... მერე ცოტა, ჩემი დამტვრეული თურქულით, ჩვენი 18 ივნისის მეტოქეების ენაზეც წავიჭორავეთ...


აი, შოტლანდიელებს რა უხაროდათ, ნამდვილად ვერ გავიგე... მეგონა,  ევრო 2024 წლის გახსნითი მატჩის და 5-1 მასპინძელ გერმანიასთან, წაგებული თამაშის შემდეგ, თავს ვერ გამოჰყოფდნენ, მაგრამ... აი, საღამოს, ერთ-ერთ ფაბში, რომელშიც სამწუხაროდ, გადაღებაზე უარი გვითხრეს, თუმცა, ლუდზე მოპატიჟება მივიღეთ, როდესაც ვნახე, როგორ ქომაგობდნენ სერბეთის ნაკრებს, ინგლისის წინააღმდეგ, დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი, უბრალოდ ფეხბურთით ცხოვრობს და უყვარს..


ეს მოკლედ, რაც ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან, ანუ გერმანიაში ჩამოსვლიდან,  სერბეთი - ინგლისის მატჩის დასრულებამდე მოვახერხეთ.


ხვალ, უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალ „რეჟიმში" გადაგის და ამ რეჟიმს, ჩვენ, აქ ჩამოსულმა მედიამაც, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ, ვუპერტალშია დაბანაკებული ფეხი უნდა ავუწყოთ.  



ამასობაში, 17 ივნისი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

15:00 საათი - ვარჯიში ველბერტის საწვრთნელ ცენტრში (მედია დაიშვება 15 წუთით)

17:45 საათი - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია დორტმუნდის სტადიონზე (დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები, ფოტოგრაფები პრეს-კონფერენციაზე, არ დაიშვებიან).