ევრო 2024 ნელ-ნელა ხურდება, ახალი სახეებით, ახალი რეკორდებით და ლამაზი გოლებით. გამომდინარე იქიდან, რომ არ გვეგულება ადამიანი, რომელიც ჩემპიონატის შეხვედრებს თვალს არ ადევნებს, ბევრი დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. თავადაც, კარგად ხედავთ. ფაქტია, რომ საკმაოდ უხვგოლიანად კი დაიწყო. პირველი ორი დღის შემდეგ, 4 თამაშში, საერთო ჯამში, 16 გოლია უკვე გასული. ამიტომ, შევეცდებით ცოტა სხვა რაკურსით დაგანახოთ ამბები.
65 წლისა და 100 დღის ასაკში, სპალეტი გახდა ყველაზე ასაკოვანი იტალიელი მწვრთნელი, რომელმაც გუნდი, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. აქამდე ეს რეკორდი ჯოვანო ტრაპატონის ეკუთნოდა, რომელიც, სპალეტიზე მხოლოდ სამი დღით ახალგაზრდა იყო, როდესაც 2004 წელს ბულგარეთთან თამაშში უხელმძღვანელა გუნდს.
დღესვე ითამაშა ევროპის ჩემპიონატების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ლამინ იამალიმ (16 წლის და 338 დღის), რომელმაც მართალია გოლი ვერ გაიტანა, თუმცა პირველი საგოლე გადაცემა ჩაიწერა ევროპის ჩემპიონატებზე.
დღეს, გავიდა ევროპის ჩემპიონატების ყველაზე სწრაფი გოლი. იტალიისა და ალბანეთის ნაკრებების თამაში, რომელშიც ბურთი ალბანელებმა შეიყვანეს, აუტში გაექცათ. აუტიდან კი, სრულიად მოულოდნელად, მატჩის დაწყებიდან 23-ე წამზე, შესაძლოა, თავად ალბანელებისთვისაც კი, ბაირამმა გაიტანა.
მე-7 გოლი გაიტანა ევრო-ს ფინალურ ეტაპებზე ალვარო მორატამ. ის, ამ მაჩვენებლით ალან შირერსა და ანტუან გრიზმანთან ერთად ბომბარდირთა შორის მესამე ადგილს იყოფს. მათ წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ (14) და მიშელ პლატინი (9) არიან. ბუნებრივია, რონალდუს ამ ჩემპიონატზე, ამ შედეგის გაუმჯობესება შეუძლია.
ხორვატიის ნაკრების მაისურით, ლუკა მოდრიჩი, ევროპის მეხუთე ჩემპიონატზე ასპარეზობს.
ესპანეთის ნაკრებში შემადგენლობაში, ევრო-ს ფინალურ ეტაპზე დებიუტი ჰქონდა 32 წლის დანი კარვახალს.
ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი უნგრელი დომინიკ სობოსლაი (23 წლის, 7 თვისა და 21 დღის) არის, რომელიც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, გუნდს გაუძღვა მოედანზე.
კვადვო დუა ისტორიაში მესამე შვეიცარიელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა.
პირველი შვეიცარიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა მიშელ ებიშერი გახდა.
და ბოლოს, კიდევ ერთი რეკორდი, რომელზეც გუშინ, ყურადღება არ გაგვიმახვილებია - გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა „ევრო 2024"-ის გახსნით შეხვედრაში შოტლანდიასთან რეკორდი დაამყარა. ფეხბურთელმა, მატჩის განმავლობაში 102 პასი შეასრულა, საიდანაც 101 ზუსტი იყო, 100%-მდე მხოლოდ ერთი დააკლდა. საინტერესოა, რომ მსგავსი მაჩვენებელი 1980 წლის შემდეგ არც ერთ მოთამაშეს 100-ზე მეტი გადაცემა არ გაუკეთებია.
დღეს, სამი შეხვედრა ჩატარდა:
A ჯგუფი:
უნგრეთი - შვეიცარია 1-3
B ჯგუფი:
ესპანეთი - ხორვატია 3-0
იტალია - ალბანეთი 2-1
ფოტო: (C) Christopher Lee - UEFA/UEFA via Getty Images / Christopher Lee - UEFA/UEFA via Getty Images / Luciano Lima - UEFA/UEFA via Getty Images