ხვალიდან მედიისთვისაც ვარჯიშები დაიხურება
ხვალიდან მედიისთვისაც ვარჯიშები დაიხურება
15.06.2024
ავტორი: მარიამ მესხი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფელბერტში თურქეთთან მატჩამდე მედიისთვის ბოლო ღია ვარჯიში გამართა. ვარჯიშამდე კი, კომენტარები ზურიკო დავითაშვილმა და ლუკა ლოჩოშვილმა გააკეთეს.

„ამ ჯგუფში ჩემთვის ფავორიტი მხოლოდ პორტუგალიაა და ჩვენ მაინც ერთნაირი შანსები გვაქვს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თურქეთს ბევრი გულშემატკივარი ეყოლება, ჩვენც არანაკლები ვიქნებით. არა მგონია, თავი ისე ვიგრძნოთ, თითქოს გასვლით შეხვედრას ვატარებდეთ. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას სოციალურ ქსელებში კარგად ვხედავთ. ვიცით, რომ ბევრნი მოდიან.


მაქსიმალურად ვემზადებით. ნელ-ნელა ვიწყებთ უშუალოდ თურქეთის ნაკრები განხილვას. იმედი მაქვს, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა და სასურველ შედეგს მივაღწევთ.


რაც შეეხება ღია ვარჯიშს, რომელიც გერმანიაში ჩავატარეთ, ნაკრებმა ასეთ გარემოში პირველად ვივარჯიშეთ. ველოდებოდით, რომ ხალხი მოვიდოდა. უფრო დიდი არენა რომ ყოფილიყო, შეიძლება მეტიც ყოფილიყვნენ. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნიდან გერმანიაში ამდენი გულშემატკივარი ჩამოდის.


ევროპის ჩემპიონატზე მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდით. აქ მოხვედრა ჩვენი ყველას ოცნება იყო. ძალიან კარგი პირობები გვაქვს შექმნილი. შესანიშნავი გარემო სუფევს და იმედი მაქვს, ამ ყველაფერს სტადიონზეც გადავიტანთ",  - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.


„მოსამზადებელი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ავსტრიაში გავლილი პირველი შეკრება საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ, ასევე ტაქტიკურ კონდიციებზე. გერმანიაში კი, უკვე ის ატმოსფერო იგრძნობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატს შეესაბამება.


აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ. გუნდში სერიოზული ტრავმები არ არის, რაც ძალიან კარგია. არის კარგი განწყობაა, რადგან ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავია. ისე, განწყობის მხრივ, ჩვენს ნაკრებში არანაირი პრობლემა არასდროს ყოფილა. ღია ვარჯიშზე ბევრი ქართველი მოვიდა და ეს, ძალიან მნიშვნელოვანია.


პირველი თამაში თურქეთთან გვაქვს და ამაზე ყველანი მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებული. ყველა თამაშს თავისი სპეციფიკა აქვს. თურქეთი ძალიან კარგი ნაკრებია. როგორც ჩვენ, ასევე მათაც საკმაოდ კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა უნდა იყოს და ეს ჩვენთვისაც ტესტი იქნება თუ რა დონეზე ვიმყოფებით"- ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.


შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები 18 ივნისს, დორტმუნდში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.



ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი