დღეს, თბილისის დროით 22:50 საათიდან ფელბერტში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსა 4 დღეში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე სადებიუტო და ისტორიული მატჩის გამართვა უწევს თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ერთად უყურა ევროპის ჩემპიონატის გახსნას და შემდეგ, გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებებს თამაშს. თუმცა, მანამდე იყო მორგი გერმანული დღე, გაწერილი გრაფიკითა და მოსამზადებელი ვარჯიშით, რომლის დაწყებამდეც, მედიისთვის კომენტარი საბა ლობჟანიძის გარდა გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
„გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩემი აზრით, რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. კარგი მატჩები გველის. 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ.
ფეხბურთია და თამაში ნებისმიერ გუნდთან შეიძლება. თურქეთთან რთული მატჩი გველის. იქნება გარკვეული წნეხი, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
დიდი ენერგიით დავიმუხტეთ ღია ვარჯიშზე. ყოველდღიურად, თითოეული ფეხბურთელი დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვიცით, რომ ქომაგები მთელი გულით გვგულშემატკივრობენ და ჩვენც ვეცდებით, რომ გავახაროთ და გავიდეთ ჯგუფიდან", - ამბობს მამარდაშვილი.
სფფ-ს სანაკრებო გვერდის ცნობით, 14 ივნისის საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა. სამაგიეროდ დღეს, გუნდთან ერთად ივარჯიშა საბა კვერკევლიამ.
15 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე ვილი სანიოლის გუნდი მორიგ ვარჯიშს გამართავს. კვლავ ფელბერტში და კვლავ, IMS არენა-ს საწვრთნელ ბაზაზე. ხვალ, ქართული მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ექნებათ, ფეხბურთელებთან გასაუბრების საშუალება. ამის შემდეგ, უკვე 17 ივნისს, დორტმუნდში, ქართველი და ევრო 2024-ზე აკრედიტებული მედიის კითხვებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უპასუხებს.
აქვე, გთავაზობთ 17 ივნისის განრიგს:
17:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია
18:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში
ამავე დღეს, თურქები დილით, 11:00 საათზე საბაზო ქალაქში ივარჯიშებენ. საქართველოს ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კი დორტმუნდში, მომავალი ასპარეზობის სტადიონზე, 21:45 საათზე თურქთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას პრესკონფერენცია გაიმართება.