ყურადღება ინდივიდუალურად „საშიშ“ ფეხბურთელებზე გაკეთდება
ყურადღება ინდივიდუალურად „საშიშ“ ფეხბურთელებზე გაკეთდება
14.06.2024
ავტორი: მარიამ მესხი

გერმანიაში, რამდენიმე წუთში სტარტს აიღებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი. ბუნებრივია, მთელი ქვეყანა და არა მხოლოდ ევროპული საფეხბურთო სამყარო ახლა, სწორედ ამ მოლოდინშია. თუმცა, ალიანს არენაზე დაგეგმილი მატჩის პარალელურად დღეს, მთელი დღის მანძილზე, ევრო 2024-ზე მონაწილე გუნდების ნაწილი წინა სამატჩო ვარჯიშებითა და პრესკონფერენციებით იყო დაკავებული, მეორე ნაწილი და მათ შორის საქართველოს ნაკრები, კი რიგით ვარჯიშზე გავიდა. ჩვენებმაც ფელბერტში მეოთხე ვარჯიში ჩაატარეს.


„მოსამზადებელი ეტაპი კარგად მიდის. კონცენტრაციას სრულად თურქეთის ნაკრებთან თამაშზე ვახდენთ. მიმაჩნია, რომ ყველაზე რთული თამაში სწორედ თურქეთთან იქნება. მათ შეფასება არ სჭირდება, რადგან ინდივიდუალურად საკმაოდ კარგი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ ვფიქრობ ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები და მათი დამარცხება შეგვიძლია.


თურქებს ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ყავთ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამასთან ერთად, ჩვენი ძლიერი მხარეებიც უნდა ვაჩვენოთ. მეტოქე გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ, მაგრამ მათთან მიმოწერა არ მაქვს.


მოკლედ, შვენიერ განწყობაზე ვართ. სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ვარჯიშზე ამდენი გულშემატკივარი მოვიდა და მხარი დაგვიჭირა", - ამბობს საბა ლობჟანიძე, რომელიც თურქეთში, განსაკუთრებით „გალათასარაის", თურქეთის მოქმედ ჩემპიონს ამწარებდა.


თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების თამაში, 18 ივნისს, დორტმუნში გაიმართება. თურქეთს, როგორც ნომინალურ მასპინძელს წითელი ფორმა ეცმევა, ქართველები კი თეთრებით იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ქომაგებმა, ქართველ გულშემატკივარს მოუწოდეს, ყველა თამაშზე თეთრი ფერი ეცვათ.


სფფ-ის ფოტო / ლაშა კუპრაშვილი