საფოსტო მარკები და საკოლექციო მონეტები და ეს ყველაფერი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ირგვლივ ხდება
საფოსტო მარკები და საკოლექციო მონეტები და ეს ყველაფერი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ირგვლივ ხდება
14.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოთხ დღეში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. საქართველოს ნაკრები, დორტმუნდში, თურქეთის საკმაოდ უხერხულ მეტოქეს დაუპირისპირდება. ისტორიული მატჩის გარშემო ტრიალებს 26 მარტის შემდეგ ძალიან ბევრი ემოცია და არა მხოლოდ. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფოსტამ, სასიამოვნო და სპეციალური საჩუქარი გაუკეთა ფილატელისტებს და უკვე რამდენიმე დღეს, საქართველოს ფოსტის ოფისებში გაყიდვაშია ეროვნული ნაკრების საფოსტო მარკები, რომელთა ღირებულება 9 ლარია.

დღეს კი, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს.


აღსანიშნავია, რომ მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდანაა აღებული და სრულად შეესაბამება საქართველოს ნაკრების „ბრენდ-ბუქს".


სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, „მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ნაკრების ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ლოგოს დიზაინის მთავარი სიმბოლო - მხედარი (პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც საკუთარ თავში სისუსტის დაძლევის სიმბოლოს. მონეტაზე დატანილია წარწერა „მე ვარ საქართველო", რაც ბრენდის სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც მის იდეოლოგიას ახმოვანებს და ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს.


მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია ნაკრების ფეხბურთელთა მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც ნაკრების ახალ ბრენდთან ერთად შეიქმნა და ერთგვარად გადმოსცემს ბრენდის ფილოსოფიას. მონეტა შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს".


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობის შემდეგ, მონეტებისთვის შეირჩა ბაჩა ლაგვილავას დიზაინი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებების, სოციალური ქსელების თითქმის ყველა ვიდეოს ავტორი და ასევე საერთაშორისო და ცნობილი კლუბებისა და სპორტსმენების საიმიჯო პოსტერების ავტორია.


მონეტების შესრულება კი,  მიმდინარე ეტაპზე, პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვას ზარაფხანას დაევალა, სადაც უკვე დაწყებულია ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესი, რომლის დასრულება და რეალიზაცია ამ წლის ბოლოს იგეგმება.