როპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე , უეფა-ს სამსაჯოს დირექტორმა რობერტო როზეტიმ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის აკრედიტებულ მედიასთან შეხვედრა გამართა. მიუნხენის საფეხბურთო არენაზე ეს შეხვედრა მას შემდეგ ჩატარდა რაც ცნობილი გახდა, რომ უეფა-ს ევრო 2024-ის გახსნით მატჩს, გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის, რომელიც 14 ივნისს, მიუნჰენში, ალიანს არენაზე გაიმართება ფრანგი კლემენტ ტურპინი განსჯის.
ალბათ, გემახსოვრებათ, რომ უეფა-ს სამსაჯო დეპარტამენტმა ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს და კაპიტნებს შეხვდა და უშუალოდ ჩემპიონატისთვის მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებები გააცნო. შესაბამისად, ამავე დეპარტამენტმა აუცილებლად ჩათვალა, აღნიშნულ თემებზე მედიასთანაც ესაუბრა, რათა ამ უკანასკნელებს უკვე გულშემატკივრამდე მიეტანათ ბევრი დეტალი. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენმა გვერდმაც გამოაქვეყნა სტატია.
მაგალითად, ის რომ ბურთზე პირველმა ითამაშე და შემდეგ უხეშად დაარღვიე წესი, სულაც არ გიცავს, რომ შენ არ დაჯარიმდე. ანდა, თუ ფიზიკური ორთაბრძოლა მოიგე და მერე იდაყვი მიაყოლე სახეში მოწინააღმდეგის მცველს, აქაც არ ხარ დაზღვეული მძიმე სასჯელისგან, ან სიტუაციიდან გამომდინარე ყვითელი ბარათისგან... პენალტის დანიშვნა, არდანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები... ბუნებრივია, ერთი საათის მანძილზე მოყვანილი მაგალითების ჩამოწერა შორს წაგვიყვანს, თუმცა, არ იქნება ურიგო, თუკი როზეტის ახსნილ ამ მაგალითებს, ყველა გულშემატკივარს თუ არა, თუნდაც ჩვენი ქვეყნის კლუბებსა და აკადემიებში აჩვენებენ.
„ჩვენ გვინდა გაჩვენოთ ვიდეო და ყველა კლიპი, რომელიც შეხვედრების დროს ვაჩვენეთ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს", - ამბობს როზეტი, შეხვედრაზე რომელმაც დაახლოებით, საათი და 20 წუთი გასტანა, „ცოტა გრძელი პრეზენტაციაა, მაგრამ ეს არის საჭირო, რომ თქვენ უფრო დეტალურად გაიგოთ სამსაჯო ტექნიკური გაიდლაინები", დასძინა მან.
ნაკრებ გუნდებთან გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი, იყო კიდევ ერთხელ ახსნათ მატჩზე მომსახურე პირების მნიშვნელობა და მათდამი პატივისცემა, რათა ასეთ გარემოში ჩატარებული თამაშები, სამაგალითო იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და ფანებისათვის.
„აქ, მსოფლიოში საუკეთესო მსაჯები არიან. ამ სიაში, მსაჯთა დონე უკეთესია, ვიდრე ეს იყო 2020 წელს და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელეთ მხოლოდ კვალიფიციურობის კრიტერიუმით", - ამბობს როზეტი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეხვედრების დროს რაც იყო, არის ის, რომ მსაჯები ღია არიან მატჩის მსვლელობისას ილაპარაკონ გუნდების კაპიტნებთან და აუხსნან მათ მიერ მიღებული საკვანძო გადაწყვეტილებების მიზეზი. მათ შორის, ის დეტალებიც, რასაც VAR-ის ოთახთან „გაივლიან".
მხოლოდ კაპიტნები და იმ შემთხვევაში, თუკი კაპიტანი იქნება მეკარე, გუნდისგან ნდობით აღჭურვილი პირი შეძლებენ მსაჯთან ლაპარაკს. დანარჩენმა მოთამაშეებმა, მსაჯის გადაწყვეტილებებს პატივი უნდა სცენ, დაიცვან დისტანცია და არ მოაქციონ „ალყაში".
„ეს იდეა გავუზიარეთ ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელებს და ამის შესახებ, ბევრი საუბარი გვგქონდა უეფა-ს ბორდთან, წამყვან მოთამაშეებთან, ყოფილ მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან. ყველა ერთად დავეთანხმეთ ამ იდეას და ამის შემდეგ მივედით გუნდებთან. მათ ეს მოეწონათ", - ამბობს როზეტი.
„ჩვენ ამას მხოლოდ მსაჯებისთვის ან უეფას სამსაჯო კომიტეტისთვის არ ვაკეთებ, არამედ ფეხბურთისთვის, თამაშის იმიჯისთვის და მომავალი თაობებისთვის. ეროვნულ ნაკრებებთან გამართული შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ყველა მოთამაშე ინტერაქტიური იყო და აინტერესებდათ, როგორ მოახერხებდნენ კაპიტნები ამ მისიის შესრულებას და საბოლოოდ, ყველა კმაყოფილი დარჩა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ფანტასტიკური მაგალითი საფეხბურთო მომავლისთვის".
ფოტო: © Jasmin Walter - UEFA/UEFA via Getty Images