მეოთხე დღე და მესამე ვარჯიში ფელბერტში, ამჯერად დახურული
მეოთხე დღე და მესამე ვარჯიში ფელბერტში, ამჯერად დახურული
13.06.2024
ავტორი: მარიამ მესხი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენმა გუნდმა ფელბერტის IMS არენაზე მესამედ ივარჯიშა. ამჯერად "ჯვაროსნებმა" დახურული ვარჯიში გამართეს. ვარჯიშის დაწყებამდე, ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ბუდუ ზივზივაძემ და ოთარ კაკაბაძემ, სახელდახელოდ მოწყობილ შერეულ ზონაში, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

„ნაკრებში როგორც ყოველთვის კარგი განწყობაა, საბრძოლო და ამაღელვებელი. 18 ივნისს და პირველ მატჩს ყველა მოუთმენლად ველით, რადგან ოცნება აგვისრულდა და დღეს აქ ვართ.


მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიაში მოსამზადებელი ეტაპი არასრული შემადგენლობით დავიწყეთ, ვფიქრობ, ამ ეტაპმა ნაყოფიერად ჩაიარა. ვიმუშავეთ ახალ რაღაცებზე, რაც უკვე უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე გამოგვადგება. გერმანიაში ჩამოსულებს ყველაფერი მაღალ დონეზე დაგვხვდა და ამას ველოდი კიდეც. ვფიქრობ, თურქეთთან მატჩისთვის მზად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს და მაქსიმალურად ვეცდებით, ეს მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ. მომდევნო მატჩებზე ფიქრს კი, თურქეთთან თამაშის შემდეგ დავიწყებთ.


ჩვენს ვარჯიშს ამდენი ხალხი პირველად დაესწრო. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და ამან კიდევ უფრო მეტი მუხტი შეგვმატა. ღია ვარჯიში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაყურებლისგან ყოველთვის დიდი ენერგია მოდის, რაც ფეხბურთელებს ძალიან გვეხმარება.


უშუალოდ თამაშებზეც ბევრ მაყურებელს ველოდებით და იმედია, ასეც იქნება. მათთვისაც, ეს საოცნებო ჩემპიონატია, საყვარელ გუნდს უგულშემატკივრებენ და მათი შეძახილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამის მაგალითი უკვე გვაქვს. 23 და 26 მარტს მაყურებლისგან უდიდესი მხარდაჭერა იყო, ჩვენც ორმაგად მოტივირებულები ვთამაშობდით და აქაც იგივეს ველოდებით. ასე, რომ ვეცდებით, გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუოთ და სტადიონი ამაყებმა და თავაწეულებმა დატოვონ", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.


სახლისავით კომფორტზე, კეთილგანწყობილ მასპინძლებზე და ღია ვარჯიშის დროს მიღებულ მუხტზე საუბრობს საქართველოს ეროვნული ნაკრების თითქმის ყველა წევრი, რომლებიც 28 მაისიდან, ნელ-ნელა სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ და ახლა, მართალია კონკრეტულად ვარჯიშებზე ოცდაექვსივე არაა, თუმცა, ერთად აგრძელებენ მზადებას სადებიუტო ევროს, გახსნითი მატჩისთვის.


„გუნდში შესანიშნავი განწყობაა. მოედანი და სასტუმრო მშვენიერია. ფელბერტში ყველანაირი კომფორტია იმისთვის, რომ ამ თამაშებისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.


ჩვენთვის გუშინდელი ვარჯიში უჩვეულო იყო. მსგავს გარემოში არასდროს გვივარჯიშია. ქართველი გულშემატკივარების მხარდაჭერას ისედაც ვგრძნობთ, დარწმუნებული ვარ, პირველ თამაშზეც მოვლენ და გვერდში დაგვიდგებიან. ყველანაირად შევეცდებით, რომ ამ ტურნირზე რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩეთ და როდესაც ყველაფერი დასრულდება, სახლში ყველა ამაყი დავბრუნდეთ.


რაც შეეხება გუშინდელ გამოტოვებულ ვარჯიშს, ყველაფერი წესრიგშია. მწვრთნელმა დასვენების საშუალება მომცა და თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდები", - ამბობს ოთარ კაკაბაძე.


კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს საბა კვერკველია. რაც შეეხება „კიტეს", მას გუნდთან ერთად, არც დრეს უვარჯიშია.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევრო 2024 კი, ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე მიუნჰენში, ალიანს არენაზე საზეიმოდ გაიხსნება.


სფფ-ის ფოტო / ლაშა კუპრაშვილი