მეორე დღე ფელბერტში საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ ხმაურიანი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. უეფა-ს ინიციატივით, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების საბანაკე ქალაქებში, ღია ვარჯიშები ტარდება. მსგავსი ვარჯიშების ჩატარების მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის და კონკრეტულად მათ ქალაქში დაბინავებული ნაკრებების დაახლოება და ინტეგრაციაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე დასწრება შეეძლო ყველას, ვინც დათქმულ ვადებში სურვილს გამოთქვამდა და რაც მთავარია განაცხადს გააკეთებდა. დღეს, IMS Arena კი, ადგილობრივი ფელბერტელი და საგანგებოდ, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე დასასწრებად ჩასული ქართველო გულშემატკივრით სავსე იყო...
„სასიხარულოა ასეთ დიდ ტურნირზე ყოფნა. დღეს ღია ვარჯიში გვაქვს, სადაც გულშემატკივარი გაგვამხნევებს და ეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატზე ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს გასატარებელი. ეს უნდა იყოს ზეიმი მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა", - ამბობს ლაშა დვალი.
სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 13 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, კვლავ ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
„ფეხბურთელები, ვინ უცხოეთში ვთამაშობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ დროშებს ტრიბუნებზე. მითუმეტეს, როდესაც ამას აქ ხედავ, ევროპის ჩემპიონატის წინ. ეს ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ველოდებით თითოეულ ქართველ გულშემატკივარს. ისინი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის. იმედია, ბევრი ქართველი მოახერხებს თამაშზე დასწრებას და ჩვენთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც და სამწვრთნელო შტაბიც ჯერდებიან, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი, ჯერ-ჯერობით გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. მონტენეგროს წინააღმდეგ გამართული თამაშის დროსაც, სანიოლის გუნდმა დაქტიკურ დეტალებზე წაიმუშავეს. გამომდინარე კომენტარებიდან, ჩანაფიქრი გამოუვიდათ.
სავსე ტრიბუნის ფონზე კი, დღეს, საქართველოს ნაკრებმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს საბა კვერკველია. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, რომლის ბედიც, მონტენეგროსთან დაუგეგმავი ცვლილების გამო სრულიად საქართველოს აწუხებდა დღეს საბოლოოდ გაირკვა - „კიტე", ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ, ჩვენთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში18 ივნისს, დორტმუნდში წარსდგება.
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი