კალათბურთელთა ეროვნული ტრევიზოში მზადებას განაგრძობს
კალათბურთელთა ეროვნული ტრევიზოში მზადებას განაგრძობს
12.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები იტალიურ ტრევიზოში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი ციკლის მეორე ეტაპს გადის. ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით იტალიაში, გუნდი, შეკრების ბოლოს ერთ სპარინგსაც გამართავს 23 ივნისს და ამის შემდეგ, უკვე რიგაში გაემგზავრება.

„რეალურად ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ სამუშაოთი რაც უკვე გავწიეთ. ბიჭები საკმაოდ მოტივირებულები არიან. ისინი ყველანაირად ცდილობენ მოხვდნენ გუნდის შემადგენლობაში. მართლა კარგი სამუშაო კვირა იყო. სამწვრთნელო შტაბზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს და ვფიქრობთ, საუკეთესო მომზადებულები შეხვდებიან ტურნირს", - ამბობს ალეკსანდრ ჯიკიჩის ასისტენტი, მარკო ესპოზიტო.


იტალიაში ნაკრებთან ერთად იმყოფება, თუმცა, ამ ეტაპზე არ ვარჯიშობს კახაბერ ჭინჭარაძე, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა, გუნდის სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ ჯიჭნარაძე, მალე გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას შეძლებს. ნაკრების 3 მოთამაშე - თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ჯო ტომასონი ეროვნულ გუნდს ტრევიზოში შეუერთდებიან. გუნდთან ერთად არის გოგა ბითაძე, თუმცა, NBA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე, მას, ისევე, როგორც სანდრო მამუკელაშვილს, ვარჯიშის დაწყება, უშუალოდ ტურნირამდე, ორი კვირით ადრე შეუძლია.


პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ჯერ კიდევ ვაკანტურია საკალათბურთო ტურნირის 4 საგზური. შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, მოხვდეს ოლიმპიურ თამაშებზე. საკვალიფიკაციო ტურნირი კი, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობს ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2 დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.  დებულების თანახმად, ექვსი ნაკრები - ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი) ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ.



კალათბურთის ფედერაციის ფოტო