დღეს, ფელბერტში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ივარჯიშა. ვილი სანიოლის განკარგულებაში ამ ვარჯიშზე ოცდაექვსიდან, მხოლოდ, თორმეტი ფეხბურთელი იყო. სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, დღეს იმ ფეხბურთელებმა ივარჯიშეს, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ, ან მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ. ამავე გვერდის ცნობით, დანარჩენებს ე.წ. „ადღგენა" ჰქონდათ.
„გერმანიაში ჩამოსვლის დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ახლა ვაცნობიერებთ სად ვართ, მაგრამ ამავდროულად მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. დაიწყო მზადების ახალი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ მოვემზადებით თამაშებისთვის. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა ხარვეზები, რაზეც ვიმუშავებთ, გავაუმჯობესებთ და 100 პროცენტით მზად ვიქნებით თურქეთთან შეხვედრისთვის. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - ამბობს საბა ლობჟანიძე კომენტარში, რომელსაც სფფ-ის სანაკრებო გვერდი ავრცელებს.
კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს ვარჯიშს საბა კვერკველია, რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, რომელიც მონტენეგროსთან მატჩის დროს, იძულებული იყო შეცვლა ეთხოვა, ჯერ-ჯერობით, მის შესახებ ოფიციალური წყაროებიდან არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ „კიტეს" ყველაფერი წესრიგში აქვს და ის 18 ივნისს გუნდის განაცხადში იქნება.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ხვალ, 12 ივნისს, ფელბერტში, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე ღია ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშზე დასასწრებად გულშემატკივართა რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყო და რამდენიმე საათში ყველა ადგილი შეივსო.
„ევროპის ჩემპიონატი გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ცდილობს, მაქსიმალურად ფოკუსირებული იყოს თითოეულ დეტალზე, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი. 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ სწორი მიდგომით ყველა ნაკრებთან შეიძლება კარგად თამაში და მოგებაზე ფიქრი. ეს გამოცდილება წაგვადგება ყველას. ეროვნულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, ვინც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვენახა, თუ რა ეტაპზე ვართ ახლა. ვფიქრობ, რომ დარჩენილ ერთ კვირაში გუნდი ასი პროცენტით მზად იქნება თურქეთთან თამაშისთვის", - ამბობს ანრი მექვაბიშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში გამართავს და თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი გერმანიაში, გუშინ ჩავიდა და დიუსელდორფსა და დორტმუნდს შორის, პატარა ქალაქ ფელბერტში დასახლდა.
სფფ-ის ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი