ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გერმანიაში ჩავიდა თურქეთის ეროვნული ნაკრები. ერთ-ერთი გამოცდილი გუნდი ევროპის ჩემპიონატებზე, რომელსაც სადებიუტო ევროს, სადებიუტო მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს დაუპირისპირდება. თურქები, ბარსინგჰაუზენში დაბანაკდნენ და ჯგუფის პირველი თამაშისთვის იქ მოემზადებიან. გამომდინარე თურქი გულშემატკივრის რეაქციებიდან, რომლითაც ჩვენი მომავალი მეტოქის გერმანიაში ჩასვლის შემდეგ სოციალური ქსელი აჭრელდა, თურქები ევროპულ ფორუმზე საკუთარი გუნდის 26 კაციან შემადგენლობას, ცოტა არ იყოს აგდებულად უყურებენ.
მეკარეები: ალთაი ბაინდირი („მანჩესტერ იუნაიტერი" #12), მერთ გიუნოქი („ბეშიქთაში" #1), უიურჯან ჩაქირი („თრაბზონსფორი", #23); მცველები: მერთ მიულდიური („ფენერბაჰჩე", #18), ზექი ჩელიქი („რომა" #2), აბდულქერიმ ბარდაქჯი („გალათასარაი", #14), აჰმეთჯან ქაფლანი („აიაქსი" #13), მერიჰ დემირალი („ალ აჰლი საუდი" #3), სამეთ აქაიდინი („პანათინაიკოსი" #4), ფერდი ქადიოლუ („ფენერბაჰჩე" #20); ნახევარმცველები: ჰაქან ჩალჰანოლუ („ინტერი" #10), ისმაილ იუქსექი („ფენერბაჰჩე #16), ქაან აიჰანი („გალათასარაი" #22), ოქაი იოქუშლუ („ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" #5), ორქუნ ქოქჩიუ („ბენფიკა" #6), სალიჰ ოზჯან („ბორუსია" #15); თავდამსხმელები: ირფან ჯან ქაჰვეჯი („ფენერბაჰჩე" #17), იუნუს აქგიუნი („ლესტერ სიტი" #25), ქენან ილდიზი („იუვენტუსი" #19), ქერემ აქთიურქოლუ („გალათასარაი" #7), არდა გიულერი („რეალ მადრიდი" #8), ბარიშ ალფერ ილმაზი („გალათასარაი" #21), ბერთიუგ ილდირიმი (SRFC #26), ჯენქ თოსუნი („ბეშიქთაში" #9), სემიჰ ქილიჩსოი („ბეშიქთაში" #24), იუსუფ იაზიჯი („ლოსკი" #11).
მიუხედავად იმისა, რომ 26 კაციან გუნდში, თურქთა იტალიელ მთავარ მწვრთნელს, ვინჩენცო მონტელას 10 თავდამსხმელი ჰყავს შეყვანილი, პოლონელებთან თამაშის შემდეგ, ის გუნდის შეტევების დაბოლოებებით უკმაყოფილო იყო. ბოლო მეტრებზე ჩვენ უფრო ჩამოყალიბებულად უნდა ვიმოქმედოთო, ამბობს ის მატჩის დასრულების შემდეგ. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ როდესაც აქცენტი შემტევებზე გაქვს, ბევრს რისკავო.
„რეალურად არ ვღელავ, რადგან მატჩის დროს კარის მიმართულებით 22-ჯერ ვახერხებთ დარტყმას. ჩვენ, უბრალოდ, ბოლო მეტრებში, უფრო მეტად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ ვახერხებთ კართან მიახლოებას და გვყავს მოთამაშეები ირფანი (17), ქერემი (15) სემიჰი (12), ჰაქანი (18), ოქრუნი და აბდულქეტიმი, რომლებსაც საკლუბო თამაშებში საკმაოდ ბევრი გოლი გააქვთ, უბრალოდ დასკვნით ფაზაში უფრო მეტად უნდა გავერკვეთ", - ამბობს მონტელა.
თურქები, რომლებიც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშისთვის ემზადებიან ერთ-ერთ სცენარად შეეცდებიან სანიოლის გუნდს, რომელსაც ჩაკეტილი სიტუაციიდან საკმაოდ სწრაფად შეუძლია კონტრშეტევაზე გადასვლა, როგორც ჩანს აქცენტს, საქართველოს ნაკრებში მყოფი ტექნიკური ფეხბურთელების ხარჯზე, სისწრაფეებზე გააკეთებს. ამ დროს თურქები, შეეცდებიან დაცვის ხაზი ამოწიონ, ქართველებს უკან დაახევინონ, კარგად გაიგონ სიტუაცია, როდის და სადამდე უნდა დაელოდონ და შემდგე გაიხსნან ზურგიდან. თუმცა, ეს ერთ-ერთი სიტუაციაა, რომელზეც თურქთა მწვრთნელმა პოლონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ გაამახვილა ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები 18 ივნისს, დორტმუნდში, BVB სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე, ევრო 2024-ის ჯგუფის გახსნით მატჩში შეხვდებიან. მანამდე, MD1, 17 ივნისს, თურქები, ბოლო ვარჯიშს, რომელზეც მედიას სულ რაღაც 15 წუთით შეუშვებენ, არა დორტმუნდში, არამედ, ბარსინგჰაუზენის Sporthotel Fuchsbachtal-ზე გამართავენ. ამავე დღეს, საღამოს, უკვე უშუალოდ მატჩის სტადიონზე კი, მედიასთან შესახვედრად მოვლენ და 21:45 წუთზე მედიის კითხვებს უპასუხებენ. აქვე, გეტყვით, რომ 17 ივნისს, დორტმუნდის BVB სტადიონზე თურქთა მოსვლამდე, საქართველოს ნაკრების წინა სამატჩო ვარჯიშიც და პრესკონფერენციაც დასრულებული იქნება.