დღეს, თბილისის დროით დაახლოებით 19:00 საათისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროდან დიუსელდორფში ჩავიდა. იმ ქალაქში, სადაც ქართულმა ფეხბურთმა 1981 წლის 13 მაისს უდიდეს წარმატებას მიაღწია და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარიც, ამ ისტორიის გაგრძელების მოლოდინშია. შესაბამისად, ქართული ფეხბურთისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე სიმბოლურია, რომ ჩვენები, თავგადასავალს სწორედ, ამ ქალაქიდან იწყებენ.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტში საქართველოს ავიახაზის ბორტით დაეშვა, ევრო 2024-ისთვის საგანგებოდ ბრენდირებული ავტობუსი და ქალაქის მერი, იოზეფ ჰინკელი დახვდნენ. ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბევრი ქართული ნაკრები გუნდის გაცილება-დახვედრის მომსწრე ვარდა ხშირად, სანაკრებო დელეგაციების თანმხლებიც ვყოფილვარ მედიის რანგში, თუმცა, ასეთ ლუქზე, ქართული გუნდი, პირველად ვნახე - ელეგანტური, სიმპათიური, გემოვნებიანი... ბუნებრივია, გემოვნებაზე არ დაობენ და ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგსაც მღვდლის ცოლი, მაგრამ დღეს ჩვენი ნაკრები, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე „დონე" ლუქზე გამოცხადდა.
ქართული დელეგაცია დიუსელდორფის აეროპორტიდან ნახევარი საათის ავტომობილით სავალში, პატარა ქალაქ ფელბერტში გაემგზავრა. სწორედ, ფელბერტში, რომლის მოსახლეობაც ძველი „დინამო არენას" გულშემატკივრის ტევადობისაა („დინამო არენა" ბოლო ორ რეაბილიტაციამდე 80000 გულშემატკივარს იტევდა), მინიმუმ 27 ივნისამდე, ქართული გუნდის მშობლიური ქალაქი გახდება. ეროვნული ნაკრები, საგანგებოდ ქართული გუნდისთვის ბრენდირებულ სასტუმროში დაბინავდა.
სწორედ, ფელბერტში ხვალ, ვილი სანიოლის გუნდი, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შეუდგება მზადებას.
ფოტო: სფფ/ ლაშა კუპრაშვილი