დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო სპარინგი ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდმა, პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრებს 1-3 სძლია და გერმანიაში გამგზავრებამდე კარგი განწყობა შეიქმნა. თუმცა, საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ისევე, როგორც ავსტრიული შეკრების წინ, დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგაც ხაზი გაუსვა, რომ ფიზიკურად გუნდი ჯერ 100%-ით მზად არ არის, თუმცა, მარაგში კიდევ 9 დღეა.
„რა თქმა უნდა, გამარჯვებას თავდაჯერება მოაქვს და ეს მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ფიზიკურად ჯერ ასი პროცენტით მზად არ ვართ. მეორე ტაიმში შედარებით რთული იყო ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და უკეთესი რეალიზაციის შემთხვევაში შედეგიც უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.
ახლა, ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ. კიდევ 9 დღე გვაქვს მოსამზადებლად და სამუშაოდ. ევროპის ჩემპიონატიდან დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ. მომავალი მნიშვნელოვანია. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, რომ ასეთი დონის ტურნირზე თამაში მათ და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს", - ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კომენტარში, რომელიც სფფ-ის სანაკრებო გვერდმა გაავრცელა.
დღევანდელ შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა და დუბლთან ახლოს იყო, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც საკლუბო თამაშების გამო, ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებას ყველაზე ბოლოს შეუერთდა. შესაბამისად, ყველაზე ცოტა დრო ჰქონდა „გონზე მოსასვლელად", თუმცა, მიუხედავად ამისა, დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.
„დადებითი ემოციები გვაქვს. გამარჯვებით და გატანილი გოლით გახარებული ვარ. შეგვიძლია, უკეთესად ვითამაშოთ. თურქეთთან მატჩამდე კიდევ ერთ კვირაზე მეტი გვაქვს და ვაგრძელებთ მომზადებას. საკლუბო სეზონის შემდეგ მცირე პაუზა მქონდა. რამდენიმე დღე დავისვენე და შემდეგ შევუერთდი ნაკრებს", - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
საქართველო ეროვნული ნაკრები გერმანიაში ხვალ, დაახლოებით 17:00 საათისთვის ჩავა და პატარა გერმანულ დასახლება ფელბერტში დაიდებს ბინას. იქვე, ჩვენი ნაკრები, ქართული გუნდისთვის სადებიუტო ევროსთვის მოემზადება.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. კარგი განწყობით ჩავალთ გერმანიაში. ძლიერი მეტოქე გვყავდა, თუმცა, კარგად ვითამაშეთ. ბევრი სიახლე გამოვცადეთ, რაზეც მწვრთნელებთან ერთად ვმუშაობდით. ვფიქრობ, ეს თამაში ძალიან დაგვეხმარება ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაში", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ვილი სანიოლის გუნდი, პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დორტმუნდში გამართავს.
18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00
სფფ-ის ფოტო