საქართველოს ნაკრებმა ევრომდე სპარინგი მოიგო
საქართველოს ნაკრებმა ევრომდე სპარინგი მოიგო
10.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

Georgia Good Luck at EURO - მონტენეგროელებმა საქართველოს ნაკრები გერმანიაში სწორედ ამ სიტყვებით გააცილეს. თუმცა, მანამდე იყო მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის პოდგორიცაში გამართული თამაში, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა 1-3 იმარჯვა.

დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ევრო 2024-ის დაწყებამდე, ბოლო სპარინგი გამართა. უფრო ზუსტად, ვილი სანიოლის გუნდმა 26 მარტის წარმატებისა და  სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, პირველი მატჩი ითამაშა. მეტოქე, რა თქმა უნდა ბევრად უფრო სუსტი გუნდი იყო, ვიდრე საქართველოს ნაკრებს ივნისის მეორე ნახევარში ევრო 2024-ზე მოუწევს თამაში, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მონტენეგროსთან ჩატარებული მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, არც თუ სასიამოვნო ბალანსი გვგქონდა (ორი მატჩი, ერთი მარცხი და ერთი ფრე), დღევანდელი სპარინგი საკმაოდ დამაინტრიგებელი იყო. ამას გარდა, ეს იყო ბოლო შესაძლებლობა, გვენახა საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში გამგზავრებამდე.


პირველი რაც შესამჩნევი იყო და ალბათ, ამას გამართლებაც აქვს, სანიოლის გუნდმა, არც დიდად გარისკა, ძალებიც დაზოგა და ისე ითამაშა, ცოტა არ იყოს და, მეორე ტაიმში ცოტა გაუჭირდა კიდეც. ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი გამართა, 33 წლის გიორგი გველესიანმა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. გამომდინარე იქიდან, რომ საბა კვერკველია ავსტრიულ შეკრებაზე ინდივიდუალური გეგმით ვარჯიშობდა, არაა გამორიცხული, ევრო 2024-ის სადებიუტო მატჩში, ვილი, გველესიანს ბოლომდე ენდოს.


მთავარია ისიც, რომ დღეს, საქართველოს ნაკრებმა მოგებასთან ერთად, განსაკუთრებით მეორე ტაიმის მიწურულს, მასპინძლების საკმაოდ უხეში თამაშის ფონზე, მატჩი ტრავმების გარეშე დაასრულა. რა თქმა უნდა, ოთარ კიტეიშვილის შეცვლა, ბევრს არ გვესიამოვნა, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ „კიტეს" სერიოზული დაზიანება არ აქვს და 18 ივნისისთვის ის ფორმაში იქნება. ამასთან, ევრო-ზე გამგზავრებამდე, ქართულმა გუნდმა კარგი განწყობა შეიქმნა.


უშუალოდ თამაშს რომ დავუბრუნდეთ და მატჩის მიმდინარეობისას ჩანიშნული მომენტებით ვიმსჯელოთ, შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. დიდი ალბათობით, გათვლა, სწორედ, საწყისს წუთებში გოლის გატანა, ანგარიშში უპირატესობის მოპოვება და შემდეგ, მშვიდად, თამაშში ტაქტიკური დეტალების დახვეწა იყო. პირველი გოლი მე-10 წუთზე, სტანდარტულის შემდეგ, გავიდა, გიორგი ჩაკვეტაძის ჩაწოდებული კუთხურიდან ბურთზე გველესიანმა ითამაშა და კარის მიმართულებით გადაგზავნა, რომელიც საბოლოოდ, ოთარ კიტეიშვილმა „ჩაკეტა". საქართველო 0-1 დაწინაურდა. ფაქტია, რომ დაახლოებით, 20-23 წუთის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ბურთი დათმო, თუმცა, ამის ფონზეც თამაშის გაკონტროლება მოახერხა. უფრო მეტიც, სახიფათო კონტრშეტევებიდან ერთი, 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძის გოლით დასრულდა. ჩვენ, უკვე ორი ბურთით, 0-2 დავწინაურდით. გიორგი მამარდაშვილი კი, საქმეში პირველად მე-40 წუთზე ჩაერთო.


მეორე ტაიმი ცოტა ქაოტურად დაიწყო. შეხვედრის ამ მონაკვეთში, მამარდაშვილს, უფრო მეტჯერ მოუხდა თამაშში ჩართვა. გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიასაც, თუმცა, ჩვენი აზრით, პირველში კარგი იქნებოდა, თუ გადაცემას ჟორჟზე გააკეთებდა, ხოლო მეორეში, მიქაუტაძისთვის გადაცემის ნაცვლად, თავად დაასრულებდა შეტევას. მოკლედ, „ქეცბას" არ იყოს, ამ შემთხვევაში, „აქედანაც" მოგვინდა და „იქიდანაც"... დუბლის გაფორმების შანსი ჰქონდა ჟორჟის, თუმცა, მეკარემ აჯობა. ამასობაში, მასპინძლებმა ერთი გოლი გაგვიქვითეს. 66-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა იოვეტიჩმა გაიტანა. გოლთან ერთად, მონტენეგროელებმა უმატეს უხეშობას. ვილიმ კი, ცვლილებები გააკეთა. 83-ე წუთზე, შეხვედრის არბიტრს, შეეძლო, მასპინძელთა კარში ზურიკო დავითაშვილთან უხეშობისთვის 11-მეტრიანიც დაედო, თუმცა, ასე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, ზურიკოს დაწყებული საქმე, ბუდუ ზივზივაძემ დააგვირგვინა და ანგარიშში, კვლავ ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირა. საბოლოოდ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 1-3 გაიმარჯვა და ხვალ, გერმანული დროით 17:00 საათიდან ფელბერტში ჩავა, სადაც უახლოესი, მინიმუმ, ორი კვირა დაიდებს ბინას.


და ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ 12 ივნისს, 17:00 CET საქართველოს ეროვნული ნაკრები ფელბერტში, ღია ვარჯიშს გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, MS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება და მასზე დასწრება გულშემატკივარს, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე შეეძლებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილები შეზღუდულია, სფფ-ს სანაკრებო გვერდმა 10 ივნისის ჩათვლით, მოთხოვნების მიღება დაიწყო და რეგისტრაციის შემდეგ, დასტურს 11 ივლისის ჩათვლით გაუგზავნის მსურველებს.



სფფ-ის ფოტო / ლაშა კუპრაშვილი