8 ივნისს უეფა-მ ოფიციალურად ევრო 2024-ის მონაწილე ყველა გუნდის განაცხადი დაადასტურა და ფეხბურთელები რეგისტრაციაში იმ ნომრებით გაატარა, რომელი ნომრიანი მაისურებითაც ევროპის ჩემპიონატზე მოუწევთ ასპარეზობა. თავის სადებიუტო ევროზე, ქართველო ფეხბურთელები შემდეგი ნუმერაციით იასპარეზებენ - მეკარეები: გიორგი ლორია №1, ლუკა გუგეშაშვილი №12, გიორგი მამარდაშვილი №25; მცველები: ოთარ კაკაბაძე №2, ლაშა დვალი №3, გურამ კაშია №4, სოლომონ კვერკველია №5, გიორგი გოჩოლეიშვილი №13, ლუკა ლოჩოშვილი №14, გიორგი გველესიანი №15, ჯიმი ტაბიძე №24; ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი №6, ზურიკო დავითაშვილი №9, გიორგი ჩაკვეტაძე №10, ნიკა კვეკვესკირი №16, ოთარ კიტეიშვილი №17, სანდრო ალთუნაშვილი №18, ლევან შენგელია №19, ანრი მექვაბიშვილი №20, გიორგი წიტაიშვილი №21, საბა ლობჟანიძე №23, გაბრიელ სიგუა №26; თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია №7, ბუდუ ზივზივაძე №8, გიორგი ქვილითაია №11, გიორგი მიქაუტაძე №22.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების ფედერაციებს, ევროპის ჩემპიონატზე შესატანი განაცხადის ვადა 7 ივნისს იწურებოდა.
„შეკრებაზე 26 ფეხბურთელის წაყვანის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო. საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ ტურნირზე. ვერ შევძლებდი შეკრებაზე 30 ფეხბურთელის წაყვანას და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე 4 მოთამაშისთვის ოცნების წართმევას. მართალია, კვერკველიას მცირე პრობლემები აქვს, თუმცა ის ინდივიდუალურად ემზადება და ტურნირისთვის მზად იქნება. გიორგი გველესიანი ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა, ჯერ არ უთამაშია, თუმცა მონტენეგროში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა", - ამბობს ავსტრიაში დასრულებული შეკრების შემდეგ ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
როგორც ვიუწყებოდით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება, დღეს, 8 ივნისს დაასრულა. გუნდმა, გაინბერგში ბოლოჯერ ივარჯიშა და მოგვიანებით მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ხვალ, თბილისის დროით, 22:45 საათზე პოდგორიცაში, ადგილობრივ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში შეხვდება.
„ავსტრიის მოსამზადებელი ეტაპი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. არ ვართ შეჩვეულები ეროვნულ ნაკრებში დიდ მოსამზადებელ პერიოდებს. ვფიქრობ, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. კარგ ფორმაში ვართ და ვემზადებით მონტენეგროსთან ამხანაგური თამაშისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება ჩვენთვის. კარგი თამაშის ჩვენებაა საჭირო, რომ თავდაჯერება კიდევ უფრო ავიმაღლოთ. ამხანაგური შეხვედრა იქნება გენერალური რეპეტიცია ჩვენთვის. უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვქონდეს და ის ხარისხი, რაზეც ავსტრიულ შეკრებაზე ვმუშაობდით". - ამბობს ოთარ კიტეიშვილი, სანაკრებო გვერდის მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ კომენტარში.
მონტენეგროსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა ავსტრიიდან გამგზავრებამდე ვილი სანიოლიმაც - „შეკრებაზე, გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა ისე, როგორც ჩვენ გვსურდა. მონტენეგროსთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა. გვინდა, რომ ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს. თუმცა, ვიცით, რომ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში ამ ეტაპზე არ არიან".
ავსტრიის შეკრება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 28 მაისს დაიწყო. სწორედ, ამ დღიდან მოყოლებული ჩვენს გუნდს, თითქმის ყოველდღიურად უერთდებოდნენ ის ფეხბურთელები რომლებიც საკლუბო ჩემპიონატებს ასრულებდნენ. ბევრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც უჩვეულოა, თუმცა, ჩვენებურები ბევრი კლუბიდან ტიტულებით დაბრუდნენ, თუმცა ამასთან გადაღლილებიც. ბუნებრივია, საინტერესოა და ალბათ, ხვალ გამოჩნდება, რამდენად მოახერხა ვილი სანიოლის გუნდმა აღდგენა და შემდეგ, ეყო თუ არა დრო, თუნდაც 80 %-ით მოსამზადებლად, ვინაიდან, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ მისი გუნდი, 100%-ით ჯერ მზად არ არის.
სფფ-ის ფოტოები