20-წლამდეთა ნაკრებმა ყაზახეთი 2-1 დაამარცხა
20-წლამდეთა ნაკრებმა ყაზახეთი 2-1 დაამარცხა
08.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ყაზახეთის 20-წლამდე ნაკრებებს შორის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეც „სანაკრებო არდადეგები" გამოცხადდა. უფრო ზუსტად მესხის მთავარ არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების დღეებში, დიდი მონიტორები დამონტაჟდება და გულშემატკივარს თბილისიდან შეეძლება მუხტი მიაწოდოს ვილი სანიოლის გუნდს, რომელსაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ელის ასპარეზობა. მანამდე კი, ამავე მოედანზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოსა და ყაზახეთის 20-წლამდე ნაკრებების ტესტ-მატჩი გაიმართა.


ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ამ შეხვედრაში, 20-წლამდებს ახალგაზრდული ნაკრებიდან უნდა დამატებოდა რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა, ერთმა, უმნიშვნელო ტრავმის გამო ეს შეხვედრა გამოტოვა. დღევანდელი შეხვედრა კი, სასტარტო შემადგენლობიდან იმ მეკარემ მიშიკო მაქაცარიამ დაიწყო, რომელსაც ახალგაზრდულში, ორი დღის წინ, თამაში არ მოუწია.


თავად მატჩი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა (მატჩის სტატისტიკა). აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი, სტანდარტულიდან გავიდა. პირველი და ბოლო 11-მეტრიანით, ერთიც კარგად შესრულებული საჯარიმოს შემდეგ. ანგარიში კი, მე-6 წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს. ნიკა ცეცხლაძის გადაცემის შემდეგ, სტუმრები იძულებული იყვნენ ლუკა წულუკიძის მიმართ თამაშის წესი დაერღვიათ, დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ზუსტად გამოიყენა „დაზარალებულმა".  მეორე გოლი 83-ე წუთზე გავიდა. ამჯერად, საჯარიმოდან ზუსტი აღმოჩნდა ლუკა ჩაგანავა. საქართველოს ნაკრები ახლოს იყო, შეხვედრა მშრალი ანგარიშით მოეგო, თუმცა, 89-ე წუთზე 11-მეტრიანი ამჯერად, საქართველოს ნაკრების კარში დაინიშნა. მეორე ტაიმში, შეცვლაზე შემოსულმა პაპუნა ბერუაშვილმა კუთხე კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გაუშვა.


აღსანიშნავია, რომ 20-წლამდეთა ნაკრები, ბოლო წლების მანძილზე პირველად შეიკრიბა. ოთხდღიანი შეკრების დროს,


„ცდილობდნენ ფეხბურთელები, იმ დავალების შესრულებას, რაც გვგქონდა მიზნად. რაღაც გამოვიდა, რაღაც არა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნაკრები, პირველად შეიკრიბა და ბევრი ფეხბურთელი არც იცნობდა ერთმანეთს, კარგად აუღეს ალღო ამ ყველაფერს", - ამბობს გიორგი ადამია, 20-წლამდეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა, 20-წლამდეთა ნაკრებში დღეს ხუთმა ლეგიონერმაც ითამაშა. გიორგი ადამიას თქმით, კონკრეტულ ასაკში, მწვრთნელების თვალთახედვაში, საერთო ჯამში 50 ფეხბურთელია, შესაბამისად, სელექციის საფუძველზე, სექტემბერში დაგეგმილ შეკრებაზე, შესაძლოა ამ გუნდში ახალი სახეები კვლავაც გამოჩნდნენ.


მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), პაპუნა ბერუაშვილი („დინამო თბილისი"); მცველები: თემურ გოგნაძე („დინამო თბილისი"), რევაზ კობიძე („ზმიავცი", ხორვატია), გიორგი ქარსელაძე („რიუ ავე", პორტუგალია), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913"), ლადო ოდიშვილი („თელავი"), ალექსანდრე ნარიმანიძე („იბერია 1999"), შოთა კვერენჩხილაძე („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ზაურ სიჭინავა („რუსთავი"), ზურაბ სოფრომაძე (სომურის „ოლიმპიკი", საფრანგეთი), ლუკა ჯაჭვლიანი (პრაღის „მოტორლეტი", ჩეხეთი), ლუკა წულუკიძე („ლოკომოტივი", თბილისი), ლუკა შეროზია („სამგურალი", წყალტუბო), ლუკა ჩაგანავა („სიონი" ბოლნისი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო" ქუთაისი), ლუკა პარკაძე („ადმირა ფლაიერალარმი", ავსტრია); თავდამსხმელები: დავით გოცირიძე („დინამო თბილისი"), გიორგი ხაბულიანი („თელავი").