სანაკრებო შესვენების შემდეგ დღეს, ქალთა ლიგის გათამაშება განახლდა. ლანჩხუთსა და თბილისში მე-10 ტურის სამი მატჩი ჩატარდა. ტურის ცენტრალური შეხვედრა კი, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „ლანჩხუთმა", მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, „კვარტალს", შეიძლება ითქვას უშანსოდ მოუგო. ლანჩხუთელებმა, თამაშისა და ბურთის გაკონტროლება მოახერხეს, მომენტებიც უფრო მეტი შექმნეს და რეალურად, თბილისელები საკუთარ ნახევარზე ჩაკეტეს. სხვათა შორის, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, გურულთა გუნდში, მეკარე, თეონა სუხაშვილი დაბრუნდა. ანგარიში კი, 27-ე წუთზე ირინა ხაბურზანიამ გახსნა. მანვე, 75-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. კიდევ ერთი გოლი, 65-ე წუთზე, ეთერ სულაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „კვარტალმა", რომელიც 27 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია, დღეს, პირველი მარცხი იწვნია. ასევე, გუნდმა, მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. 10 თამაშის შემდეგ, „კვარტალს" მხოლოდ, 4 გოლი აქვს გაშვებული, რომელთაგან სამი დღევანდელ მატჩზე მოდის. რაც შეეხება „ლანჩხუთს", დღევანდელი გამარჯვებით, ტიტულის დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რამეთუ მედლებისთვის ბრძოლაში, უშუალო კონკურენტთან, რეგულარული ჩემპიონატში აღებული ქულები, დიდი ალბათობით ბევრს გადაწყვეტს. ახლა, „ლანჩხუთს" 24 ქულა აქვს და რეგულარული ჩემპიონატში, მეორე ადგილზეა.
„ლანჩხუთისა" და „კვარტალის" დაპირისპირება სფფ-ის YouTube არხით გადაიცემოდა.
თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, "ნორჩმა დინამომ" დიდი ანგარიშით 9-0 ხობის "კოლხეთი" დაამარცხა. ამ შეხვედრაში პენტატრიკი (11', 17', 23', 56', 73') ანანო წიქარიძემ შეასრულა. რეალურად, წიქარიძის ჰეთ-თრიქმა შეხვედრის პირველ 23 წუთში, თავიდანვე გადაწყვიტა ამ შეხვედრის ბედი. პირველ ტაიმში, ხობელთა კარი მარიამ გოგუაძემ (25', 60') და მარიამ ოლქიაშვილმა (45') აიღეს. ნორჩმა დინამოელებმა პირველი ტაიმი 5-0 მოიგეს. უხვგოლიან მატჩში, წერტილი 90-ე წუთზე ლიზი რობაქიძემ დაუსვა.
კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, ასევე თბილისში, მხოლოდ სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. თბილისური გუნდების, „ელიტასა" და „ნიკე-ლუსოს" დაპირისპირება, უფრო გამოცდილი და ტიტულოვანი სტუმრების გამარჯვებით 0-2 დასრულდა. ანგარიში, მე-14 წუთზე ნიკელთა გოლეადორმა ლესლი რამირესმა გახსნა, 87-ე წუთზე კი, ნინო ბუხრიკიძემ მეორე გოლი გაიტანა. „ნიკე-ლუსო" ახლა, 24 ქულით, „ლანჩხუთთან" ერთად, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.
აქვე, შეგახსენებთ, რომ მე-10 ტურის პირველი შეხვედრა, სანაკრებო შესვენებამდე, 25 მაისს გაიმართა. ქუთაისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „მართვე", ანგარიშით 0-2 დამარცხდა „ბათუმთან". ამ შეხვედრაში გოლები მეორე ტაიმში, ოთხწუთიან შუალედში გავიდა. 54-ე წუთზე თათია შანიძე გაიტანა. 58-ზე კი, თავი კატერინა მალიშევამ გამოიჩინა. 10 ტურის შემდეგ, „ბათუმს" 21 ქულა აქვს და კარგი შანსი, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ, ბრძოლა მედლებისთვის გააგრძელოს.
ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება. მომდევნო, მე-11 ტური კი, 15 და 16 ივნისს გაიმართება. თუმცა, მანამდე 12 ივნისს, მე-4 ტურის ორი გამოტოვებული მატჩია ჩანიშნული - იხილეთ გათამაშების კალენდარი.
ფოტო: ქსკ „ლანჩხუთი"