ავსტრიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება დასასრულს მიუახლოვდა. ახლა, ჩვენი გუნდი, გერმანიაში ჩასვლამდე, ბოლოს სპარინგს პოდგორიცაში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი, ხვალ, 8 ივნისს პოდგორიცაში ჩავა, 9-ში კი, თბილისის დროით 22:45 წუთზე მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და მინიმუმ ორი კვირით ფელბერტში დაიდებს ბინას.
საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ავსტრიაში შეკრება 28 მაისიდან დაიწყო, 26 ფეხბურთელის შემადგენლობით, საბოლოოდ, ჟორჟ მიქაუტაძის ჩასვლის შემდეგ შეიკრიბა და სრულფასოვნადაც ივარჯიშა. სანიოლის გუნდმა ავსტრიული შეკრების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 25 კაცის შემადგენლობით ივარჯიშა. როგორც სფფ-ს სანაკრებო გვერდი იუწყება, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს საბა კვერველია.
მონტენეგროში გამგზავრებამდე, 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები ავსტრიულ გაინბერგში ბოლო ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც პოდგორიცაში გაემგზავრება.
„ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტურნირისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, საჭირო იყო იმ ტვირთის და სიმძიმის მოხსნა, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. ფეხბურთელებმა ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარეს საკლუბო დონეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ გუნდის ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება არის ერთიანობა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს ერთიანობა ჩანს ყოველდღიურ მომზადებაში. ამას ვგრძნობთ. ჩანს როგორც კარგ, ისე რთული პერიოდებში. ბიჭები სულ ერთად არიან და მათი სურვილია, რომ ჩვენ ქვეყანას მოუტანონ წარმატება და სიხარული. თუმცა, მთავარი მიზნები ახლა იწყება. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთიანობა და სწორედ ამას ემსახურებოდა ავსტრიული შეკრება.
ძალიან მნიშვნელოვანია მონტენეგროში ამხანაგური თამაში. ბოლო შესაძლებლობაა, რომ შევაფასოთ ჩვენი თავი. ამის შემდეგ, მთელი კონცენტრაცია გადავა ევროპის ჩემპიონატზე და თურქეთთან მატჩისთვის სამზადისზე", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე სამოყვარულო კლუბი FC Georgia München გვესტუმრა, მათ ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. საინტერესო კი ისაა, რომ გუნდი სრულად დაკომპლექტებულია ქართველი ფეხბურთელებით და გერმანიის სამოყვარულო ლიგებში წლებია წარმატებით ასპარეზობს.
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი