„დინამო თბილისის“ ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია
„დინამო თბილისის“ ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია
07.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბში ცვლილებაა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. „დინამო თბილისი 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ანდრეს კარასკომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. დინამო მადლობას უხდის ანდრესს პირველ გუნდსა და აკადემიაში გაწეული სამსახურისთვის, მას მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.


შეგახსენებთ, რომ სწორედ ანდრეს​ კარასკოს მიერ მოხდა ახალგახსნილი აკადემიის სამწვრთნელო ფილოსოფიის დაგეგმარება და მისივე დამსახურებით არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა დინამოელთა პირველ გუნდში.


დინამო თბილისი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", - ნათქვამია „დინამო თბილისის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი", რომელმაც მიმდინარე სეზონში აქცენტი ახალგაზრდა, თავისსავე აკადემიის აღზრდილებზე გააკეთა, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, უჩვეულოდ, მე-5 ადგილზეა 18 ტურის შემდეგ და ამასთან ქულების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით, 22 ქულით.


გამომდინარე იქიდან, რომ „დინამო თბილისს" უკვე 28 ივნისს, საქართველოს სუპერთასის 1/2 ფინალური მატჩი ელის თბილისის „იბერია 1999"-თან, გუნდის მთავარი მწვრთნელის ვინაობა უმოკლეს ვადებში გაირკვევა. საფეხბურთო წრეებში, თბილისელთა ყოფილ ქართველ თავკაცებზეც არის ლაპარაკი, საუბარია დედაქალაქელთა „სამაშველო რგოლზე" ჩისკოზეც, თუმცა, TSFF.ge-ს ინფორმაციით, ეს ვერსიები უფრო არ გამართლდება. ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს ხანში კლუბი, უცხოელი სპეციალისტის დანიშნვის შესახებ გააკეთებს განცხადებას.