შენგელია ბოლონიელთაგან საუკეთესო იყო | ვირტუსმა ოვერტაიმში წააგო
შენგელია ბოლონიელთაგან საუკეთესო იყო | ვირტუსმა ოვერტაიმში წააგო
07.06.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

დასანანი მარცხით დაიწყო თორნიკე შენგელიასთვის იტალიის სერია A-ს ფინალური სერია. ვირტუს ბოლონიამ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ფორვარდი გახლავთ, პირველი შეხვედრა საკუთარ ქალაქში დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 75-86 დათმო ოლიმპია მილანოსთან და სერიაში მოედნის უპირატესობა დაკარგა. ბრძოლა იყო ძირითადი დროის დასკვნით ნაწილში, რომლის ბოლოსაც თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, აი, დამატებით ხუთწუთულში კი სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო.


თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან ბოლონიელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. არადა, ბოლონიელები პირველ ნახევარში ბევრად კარგად გამოიყურებოდნენ და დამაჯერებლადაც იგებდნენ. დიდი შესვენებისთვის ანგარიში ვირტუსს 33-25 მიჰყავდა, თუმცა მესამე პერიოდში მილანელებმა დიდებულად ითამაშეს, ათწუთეული 29-15 მოიგეს და 6 ქულით გალიდერდნენ. რეგულარული დროის ბოლოს მასპინძლებმა მაინც მოახერხეს დაწინაურება და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ 68-65, თუმცა შაბაზ ნაპიერის სამქულიანით ოლიმპიმ ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.


შენგელია სასტარტოში იყო და მოედანზე 38 წუთი გაატარა. ქართველ კალათბურთელს პირველ ტაიმში 12 ქულა ჰქონდა, მეორე ტაიმში და ოვერტაიმში კი მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. 16 ქულასთან ერთად შენგელიამ 8 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. მილანოს შეივონ შილდსმა 25 ქულით ულიდერა, ნაპიერმა 21 ქულა ჩააგდო.


ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება. მომდევნო მატჩი კვლავ ბოლონიაში, 8 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც სერია მილანში გადაინაცვლებს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან