ლაშა ბექაური ევროპის ოლიმპიური კომიტეტეტების რჩეულია. ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 53-ე გენერალურ ასამბლეის ფარგლებში გამართულ გალა დაჯილდოებაზე ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონს, ასევე მესამე ევროპული თამაშების გუნდურ ჩემპიონს, სხვადსხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულსა და პრიზიორ ქართველს, ლაშა ბექაურს, იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობითი პრიზი გადასცეს.
აღნიშნული პრიზი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ინიციატივით წელს პირველად დაწესდა და გაიცა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილი პრეზიდენტის, გამორჩეული სპორტის მოღვაწის იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო ევროპული თამაშების საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენებისთვისაა დაწესებული. ლაშასთან ერთად, მისი მფლობელი ქალთა შორის იტალიელი ტყვიის მსროლელი ჯესიკა როსი გახდა.
აღნიშნული ჯილდო, რომელიც ერთ-ერთი ნომინაცია იყო ბუქარესტის გალა დაჯილდოებიდან, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა გადასცეს.
ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი სპორტული ღონისძიებაა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, მასში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობას იღებს 7000 მდე სპორტსმენი.
ფოტო: სეოკ-ი