თამაშის ხარისხი, დავალებების რეალიზება უშუალოდ სათამაშო გარემოში, სანაკრებო ლეგიონერების მცირე სათამაშო დრო საკლუბო დონეზე, ბევრი ინდივიდუალური თამაშის ფონზე დაკარგული გუნდურობა - ეს იმ ხარვეზების ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ დღეს, თბილისში, მიხეილ მესხზე, საქართველოსა და ყაზახეთის 21-წლამდეთა ფრედ, 0-0 (მატჩის სტატისტიკა) დასრულებული თამაშის შემდეგ ილაპარაკა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც წინა შეხვედრებისგან განსხვავებით დღეს მნიშვნელოვნად გადახალისებული იყო, კარგად დაიწყო. მხოლოდ, ასე დაახლოებით 15-20 წუთი ითამაშა. თუმცა, რეალური საგოლე მომენტი ქართველმა 21-წლამდებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შექმნეს, მაგრამ გოლამდე საქმე არ მივიდა. საბა ხვადაგიანმა კარგი მომენტი გაანიავა. მეორე ტაიმში, ცოტა უფრო მეტი შანსი გვგქონდა - თორნიკე მორჩილაძის მომენტი, ჯადული იობაშვილის ძელი, ნიკა უგრეხელიძის თავური და შეცვლაზე შესული, გიორგი ხარებავას დარტყმული. რეალურად კი, თუ ამ ჩამოთვლილ მომენტებს არ ჩავთვლით, საქართველოს ნაკრებს, მთელი თამაშის მანძილზე შეიძლება ითქვას, კარში არც დაურტყამს. ჩვენი აზრით, ეს არის ის ყველაზე დიდი ხარვეზი რის გამოსწორებასაც ეს გუნდი, შემოდგომისთვის უნდა შეეცადოს.
„ყაზახეთთან, დაცვიდან მოთამაშე გუნდთან გაგვიჭირდა. ამით, რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ. ჩვენი მიზნები არ იცვლება, მიზანი მინიმუმ ფლეი-ოფის საგზურის მოპოვებაა. შემოდგომის თამაშებისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიდის. ვეცდებით, რომ შემოდგომაზე ოპტიმალურ ფორმაში ვიყოთ. იმიტომ, რომ ყველა თამაში ფინალია, ოთხივე თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეცდომის დაშვების უფლება იქ, ჩვენ არ გვაქვს.
უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით ლეგიონერების სათამაშო ფორმა, რადგან მათზე ბევრია დამოკიდებული და ის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, რომელიც მათ უკვე დიდი ხანია აქვთ, რა თქმა უნდა, სრულად დაღს ასვამს ჩვენს თამაშს.
არის მომენტები, რომ ვერთობით თამაშში, ძალიან კარგია ეს (ინდივიდუალიზმი) ყველაფერი. ჩვენ მივესალმებით ინდივიდუალურ თამაშს, მაგრამ ნებისმიერი ინდივიდუალისტი, უნდა იყოს დამოკიდებული გუნდურ პრინციპებზე", - ამბობს რამაზ სვანაძე მატჩის დასრულების შემდეგ.
ახალი ფეხბურთელების გამოცდა, დღევანდელი შეხვედრის კიდევ ერთი გამოწვევა იყო. მაგალითად, სვანაძემ სასტარტო შემადგენლობაში მისცა თამაშის დაწყების საშუალება 16 წლის ვახო სალიას. სათამაშო დრო მისცა ლაშა კვარაცხელიასა და გიორგი ხარებავას. რეალურად, ამხანაგური თამაშების ფორმატიდან გამომდინარე სათამაშო დრო არგუნა ყველა ფეხბურთელს, გარდა მეკარის მიშიკო მაქაცარიასა და დაცვის ხაზის მოთამაშის ლუკა ლაცაბიძისა. თუმცა, მოგვიანებით, მწვრთნელმა დასძინა, რომ ამ ორს, რამდენიმე დღეში, 20-წლამდეთა მატჩში მოუწევთ სრული დატვირთვით თამაში.
ყაზახეთის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩისთვის რამაზ სვანაძე შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს დაუძახა - მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი ("დინამო" ბათუმი), ლევან თანდილაშვილო ("თელავი"), მიშიკო მაქაცარია („დინამო თბილისი"); მცველები: საბა ხვადაგიანი („მაკაბი" ნეთანია, ისრაელი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი", იტალია), გიორგი მაისურაძე ("დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („იბერია 1999", თბილისი), ზურაბ რუხაძე („დილა" გორი), ლაშა კვარაცხელია („სამტრედია"), ნიკოლოზ უგრეხელიძე ("დინამო თბილისი"), ლუკა ლაცაბიძე („შახტარი", დონეცკი, უკრაინა); ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ლევან ოსიყმაშვილი ("დინამო თბილისი"), თორნიკე მორჩილაძე ("თელავი"), ლუკა გაგნიძე („დინამო" მოსკოვი), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი", ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე ("დინამო თბილისი"), გიორგი აბუაშვილი ("კოლხეთი 1913"), გიორგი ხარებავა ("კოლხეთი 1913"); თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი ("დინამო თბილისი"), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ჯადული იობაშვილი ("დინამო თბილისი"), ვახტანგ სალია ("დინამო თბილისი").
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, შემოდგომაზე, 21-წლამდეთა ევრო 2025-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო ოთხი შეხვედრა დარჩა სათამაშო. ამ მომენტისთვის, საქართველოს ნაკრები 6 თამაშითა და 13 ქულით C ჯგუფში მეორე ადგილზეა. თუმცა, საბოლოოდ, ჯგუფში მეორე ადგილზე გასასვლელად, სვანაძის გუნდს მინიმუმ ორ (უშუალო) მეტოქესთან, 5 სექტემბერს სახლში მოლდოვასთან და შემდეგ 10 ოქტომბერს გასვლაზე შვედებთან, მაქსიმალური ქულების მოპოვება სჭირდებათ. სხვათა შორის, ჩვენს მსგავსად, შვედებსაც ერთი შეხვედრით ნაკრები აქვთ ჩატარებული.
საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების დარჩენილი თამაშების განრიგი:
5 სექტემბერი / საქართველო - მოლოდოვა
9 სექტემბერი / ნიდერლანდები - საქართველო
10 ოქტომბერი / შვედეთი - საქართველო
15 ოქტომბერი / საქართველო - ჩრდ. მაკედონია