როცა რაღაც პირველად ხდება...
როცა რაღაც პირველად ხდება...
04.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წლების წინ, როდესაც უეფა-მ მამაკაცებს შორის ერთა ლიგის გათამაშება დაიწყო, ქართულ საფეხბურთო წრეებში გაჩნდა იმედი, რომ ეს იყო ჩვენი შანსი, რომელიც არც თუ უსაფუძვლო გამოდგა და დღეს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 14 დღე აშორებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩიდან. ქალთა შორის უეფა-მ ერთა ლიგის გათამაშება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, შეცვალა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ფორმატიც და ერთა ლიგის ფორმატის მსგავსად ჩატარება გადაწყვიტა. შესაბამისად, საქართველოს ქალთა ნაკრები რეიტინგიდან გამომდინარე C დივიზიონის პირველ ჯგუფში მოხვდა, საკმაოდ ძლიერ ბელარუსთან, ნაცნობ და უხერხულ ლიეტუვასთან და სრულიად უცხო კვიპროსთან, რომელთანაც დღეს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო.

„რთული მატჩი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. საკმაოდ რთული მეტოქე იყო. იცით, ჩანს თითქოს ჩვენი თანაბარია, მაგრამ როდესაც საქმეში უყურებ. პირველი თამაშიდან მივხდით ამას და დღეს, უფრო რთული თამაში იყო. თუმცა, მე მართლა ამაყი ვარ გოგონებით, რომლებიც ყოველ ჯერზე ისტორიის ახალი გვერდის დაწერას ცდილობენ. იყო პირველი მატჩი, რომელიც მოვიგეთ გასვლაზე. ახლა უკვე ორმაგი გამარჯვება ერთ მეტოქეზე, ესეც - აქამდე არ გაუკეთებიათ.  მართლა ვამაყობ მათი, რადგან გულმოდგინედ შრომობენ. და როდესაც თავდაუზოგავად შრომობ, ზოგჯერ იღბალიც შენს მხარეს არის, ზოგჯერ ერთმანეთის გამხნევება გვიწევს. ვამაყობ იმ სამუშაოთი რასაც მთელი ეს პერიოდია ვაკეთებ მათთან მოსვლის შემდეგ", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე С1 ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და ინარჩუნებს შანსს, საუკეთესო მეორეადგილოსან გუნდთა შორის მოხვდეს.


„ახლა მეორე ადგილზე ვართ ჯგუფში. დაგვრჩა ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი.  რადგან ვეთამაშებით ბელარუსს სახლში და ამის შემდეგ გასვლაზე ლიეტუვაში. ჩვენ გვჭირდება ქულების აღება. შევხედავთ, რას გააკეთებს ლიეტუვა კვიპროსის წინააღმდეგ. იცით, რომ ბელარუსს არ ეთამაშებიან. ასე, რომ გვაქვს შანსი და ის ჩვენს ხელთ არის. მეორე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და მჯერა, ჩვენ ამას შევძლებთ", - ამბობს ირის ანტმანი.


დღევანდელი შეხვედრა კი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ტაიმი უფრო უკეთესად ჩაატარა, მე-13 წუთზე თეონა ბაქრაძემ გოლიც გაიტანა - კარგად ისარგებლა, მეტოქის დაუდევრობით, ბურთი მოპარა და კარში მშვიდად გადაგზავნა. სხვათა შორის, „ბაქრას" მსგავსის გაკეთების შანსი რამდენჯერმე კიდევ ჰქონდა. მატჩის მეორე ნახევარში, შევედრის მშვიდად ჩამთავრების საფუძველი შეეძლო მოეცა ნათია დანელიას, თუმცა, „დანელას" ამჯერად, მეკარე დაუდგა კარგად. სხვათა შორის, ანგარიში, რომ მხოლოდ ერთბურთიანი იყო, სწორედ კვიპროსელთა მეკარის დამსახურებაა. კოლეგის მსგავსად, ჩვენს თათია გაბუნიასაც მოუხდა გარჯა და რამდენიმე (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც გვახსოვს, ორი) ე.წ. „მკვდარი ბურთი" აიღო.


მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი 12 და 16 ივლისს, ბელარუსთან საკუთარ მოედანზე და სტუმრად ლიეტუვასთან გამართავს.