ქართული გუნდისთვის მისაღები მხოლოდ 3 ქულა იქნება
ქართული გუნდისთვის მისაღები მხოლოდ 3 ქულა იქნება
03.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის მორიგ მატჩამდე ივარჯიშა. გუნდში საბრძოლო  განწყობაა. ქართველთა ნაკრები ივნისის ფანჯრის დახურვას 6 ქულით აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრების ხვალინდელი მოწინააღმდეგე, კვიპროსის ნაკრები საკმაოდ აგრესიული და პროვოკაციების დიდოსტატი გუნდია, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ სწორედ, ასეთ გუნდებთან თამაშში გაიზრდება საქართველოს ნაკრები, რომელსაც უკვე, ჩვენი აზრით, საკმაო პროგრესი აქვს.

„თავდაპირველად, მიმაჩნია, რომ 3 ქულა, იმისთვის, რომ საბოლოოდ შვიდი ქულა დავაგროვოთ ამ შეხვედრებში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მეორე ადგილის შენარჩუნება. კვიპროსზე არ გვქონდა კარგი თამაში, მაგრამ ეს იყო უსაფრთხო თამაში, ყველა ფეხბურთელი კონცენტრირებულ იყო. მათ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, ხარისხი არ იყო ის, რასაც ვისურვებდით. ისეთ, როგორისთვისაც ვემზადებით, და მე ვფიქრობ, რომ აქ, ჩვენს სახლში,  როდესაც მაყურებელი მოვა და მე იმედი მაქვს, რომ მოვა, ისე როგორც ეს იყო ლიეტუვასთან მატჩში, ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ. მიმაჩნია, რომ ის ქულა, რომელიც ლიეტუვასთან ავიღეთ 100%-ით იმ გულშემატკივრის დამსახურებაცაა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენ და გოგონებს მხარს დაუჭერენ წარმოუდგენელი შრომის დასაგვირგვინებლად.


გოგონები კარგ კონდიციაში არიან. ბუნებრივია არის ტრავმებიც, მაგრამ არა სერიოზული. ეს ყოველი შეკრებისთვის მახასიათებელია. ყოველ შეკრებაზე, ყველა ფეხბურთელი რომელსაც ვიძახებ ნაკრებში, მაჩვენებს, რომ ისინი კარგი ფეხბურთელები არიან და იმსახურებენ ეცვათ ეს მაისური და ითამაშონ ეროვნულ ნაკრებში, რომელიც მართლა ძალიან საამაყოა, ყველა იმ მოთამაშისთვისაც, რომლებიც ახლა გვყავს გუნდში. 


რადგან კვიპროსის ნაკრებთან პირველი თამაში მოვიგეთ და შევისწავლეთ, რადგან პირველი თამაში იყო ეროვნული ნაკრების კვიპროსის წინააღმდეგ. არ ველოდით, რომ ასეთი ხისტი და აგრესიული თამაში იქნებოდა. მგონია, რომ მეორე თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი ამისთვის მზად იქნება, იქნება მოტივირებული, რადგან სახლში ვთამაშობთ. ასე რომ, ჩვენც ისეთივე აგრესიულები ვიქნებით, როგორც ისინი. თავიდანვე, საბრძოლო შემართებით გავალთ მინდორზე", - ამბობს ირის ანტმანი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ირინა ხაბურზანია, რომელიც ანტმანის ივნისის ფანჯრის განაცხადშია. თუმცა, წითელი ბარათის გამო, თამაშის გამოტოვება უწევს. გეტყვით იმასაც, რომ გუნდს ტრავმების გამო, ვერ ეხმარება რამდენიმე ფეხბურთელი. მათ შორის, გამოცდილი მცველი თამარ ტატუაშვილი.


„ჯგუფური ეტაპის დაწყებისთანავე, ჩვენი მიზანი იყო მეორე ადგილზე გასვლა, თუ პირველზე ვერ გავიდოდით. ასე, რომ ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებთ შანსებს და გუნდი მზად არის და ყველანაირად მოტივირებულია, რომ მეორე ადგილი შევინარჩუნოთ.


ლიეტუვასთან თამაშის დროს, როდესაც ფრედ, 2-2 ვითამაშეთ, ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. გულშემატკივარი, მე-12 მოთამაშეა. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, ხვალ გავავსებთ სტადიონს. ეს ფეხბურთელებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია", - ამბობს ანა ჩემინავა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.


დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე მედიისთვის ვარჯიშის ნაწილი ტრადიციულად 15 წუთი გახსნილი იყო. სხვათა შორის, ფეხბურთელების ჩაწერისას ირისმა, თეონა ბაქრაძესთან მიმართებაში გაიხუმრა, ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ ჩემთვის მთავარია გოლები გაიტანოსო. მიმდინარე ციკლში ბაქრაძის ანგარიშზე 3 გოლია.


„მეტოქის სუსტი მხარეები, ახლა უფრო კარგად გვაქვს გაანალიზებული. რა თქმა უნდა, ხვალინდელ თამაშში ჩვენი მიზანი დადებითი შედეგის მიღწევაა და ეს დადებითი შედეგი, გამარჯვებაა.


გვინდა და გაგვიხარდება, რომ ხვალ სტადიონზე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვიდეს, რადგან მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მთავარია. ისინი ჩვენთვის მე-12 მოთამაშესავით არიან", - ამბობს ნათია დანელია.


დღესვე, დაახლოებით საღამოს 20:30 საათისთვის მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა კვიპროსის ნაკრებმაც, რომელიც თბილისში დღეს, საღამოსკენ ჩამოფრინდა და „შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდა.


ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი, საქართველოსა და კვიპროსის ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის, ხვალ, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:00 დაიწყება. მიხეილ მესხი 2-ზე გულშემატკივრის დასწრება თავისუფალია.