საფრანგეთში ლიგა 1-ის ადგილისთვის ფლეი-ოფი გაიმართა, სადაც ჟორჟ მიქაუტაძის „მეცმა" საპასუხო შეხვედრაში „სენტ ეტიენს" უმასპინძლა.
მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა, თუმცა, პირველ შეხვედრაში, შინ მოგებული დაპირისპირების (2-1) წყალობით, „სენტ ეტიენი" ლიგა 1-ში დაბრუნდა, „მეცი" კი, ლიგა 2-ში ჩამოქვეითდა.
შეიძლება ითქვას, მატჩის მთავარი მომენტები პირველ ტაიმში განვითარდა. მატჩის მე-6 წუთზე მთავარმა მსაჯმა, პაპე დიალო გააძევა და „მეცმა", მთელი შეხვედრა კაცნაკლულმა ითამაშა. მიუხედავად ამისა, მე-17 წუთზე ლამინ კამარამ, „სენტ ეტიენს" გაუტანა და მეცი დააწინაურა. 25-ე წუთზე კი, მიქაუტაძემ შესანიშნავად ითამაშა, პენალტიც გამოიმუშავა, გაიტანა კიდეც და მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. „სენტ ეტიენმა" ანგარიშის შემცირება 35-ე წუთზე შეძლო, რამაც მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.
ძალიან დაძაბული შეხვედრის ბედი კი, ექსტრა ტაიმში, 117-ე წუთზე იბრაჰიმა ვადჯიმ გადაწყვიტა. სენეგალელმა ფეხბურთელმა „მეცს" გაუტანა, ორმატჩიანი დაპირისპირებაში კი „სენტ ეტიენმა" 4-3 იმარჯვა.
მიქაუტაძის გუნდი მომდევნო სეზონში ისევ ლიგა 2-ში იასპარეზებს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟორჟ მიქაუტაძის შეძენით ლიგა 1-ის არაერთი გუნდია დაინტერესებული და სავარაუდოა, რომ ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში კლუბს შეიცვლის.
ცნობისთვის, ლიგა 1-ის დასრულებულ სეზონში ჟორჟ მიქაუტაძემ 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა პრაქტიკულად ნახევარი სეზონი „აიაქსის" რიგებში გაატარა. „მეცში" იანვარში, იჯარის წესით დაბრუნდა, სეზონის მიწურულს კი, ქართველო, ფრანგულმა კლუბმა „აიაქსიდან" ბოლოს და ბოლოს გამოისყიდა.