სპარსეთის ყურის პრო ლიგის ბოლო ტურში გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა" „მეს რაფსანჯანს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გასულ კლუბს, ერთი ქულით გადაასწრო.
ქართველი მცველის კლუბს, ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოსაგებად, მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. მატჩის ერთადერთი და ჩემპიონობის მომტანი გოლი კი, სწორედ, ქართველმა მცველმა გაიტანა.
„გველესა", 85-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დაუხვდა და თავური დარტყმით „პერსეპოლისი" დააწინაურა. ცნობისთვის, ირანის დასრულებულ ჩემპიონატში გიორგი გველესიანმა 25 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი „პერსეპოლისთან" ერთად სპარსეთის ყურის პრო ლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. თავად კლუბმა კი, ირანის ჩემპიონობა მე-15-ედ იზეიმა.
გიორგი გველესიანმა საკლუბო სეზონი ამ მატჩით დახურა და ახლა, ის, ავსტრიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებას შეუერთდება.