საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიური ტურნირისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიური ტურნირისთვის მზადება დაიწყო
01.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირისთვის დღეს თბილისში, არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. არასრულით, რადგან გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, ამ მომენტისთვის, იტალიური სერია ა-ს მოსაგებად იბრძვის „ვირტუსთან" ერთად. სეზონი არ დაუსრულებია ჯერ, არც თელ-ავივის „მაქაბის" წევრ ჯო ტომასონს. ნაკრებთან ერთად არ არის არც სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც აშშ-ი იმყოფება და თორნიკესა და ჯოს მსგავსად, გუნდს, მოგვიანებით, იტალიურ ტრევიზოში შეუერთდება.

ქართველთა ეროვნული ნაკრების სერბი თავკაცის გაფართოებულ განაცხადში ზემოთხსენებულ კალათბურთელებთან ერთად მოხვდნენ: რატი ანდრონიკშავილი, („სარაგოსა" ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე („დელტა გურჯაანი"), გიორგი ოჩხიკიძე („ქუთაისი"), ლუკა მაზიაშვილი („კავკასია"), დუდა სანაძე („ატომერომუ სე პაკსი", უნგრეთი), ჯოზეფ ტომასონი („მაქაბი" თელ-ავივი, ისრაელი), დავით კაკუშაძე (ვსა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი („კავკასია"),  კახაბერ ჯინჭარაძე (თსუ); ცოტნე ცარციძე (ჩრდ. დაკოტა, NCAA, აშშ), ალექსანდრე მერკვილაძე („ლოიოლა მერიმაუნტი", NCAA, აშშ), ოთარ ბულიავა („ბათუმი"), ნიკოლოზ მეცხვარიშვილი („ლუიზიანა მონროუ", NCAA, აშშ), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია", იტალია), ალექსანდრე მამუკელაშვილი („სან ანტონიო სპურსი", NBA, აშშ), ბექა ბურჯანაძე („კორუნა", ესპანეთი), გიორგი კორსანტია („ქუთაისი"); ბექა ბექაური („დელტა გურჯაანი"), გოგა ბითაძე („ორლანდო მეჯიქსი" NBA, აშშ), გიორგი ტურძილაძე („დელტა გურჯაანი"), გიორგი ბაქრაძე („ივერიონი"), ილია ლონდარიძე („კავკასია").


როგორც  ხედავთ, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არ არის გიორგი შერმადინი. ჩვენი გვედრის მკითხველს ემახსოვრება, რომ „შერმომ" ნეკნის მოტეხილობის გამო, სეზონი ნაადრევად დაასრულა და ამ ეტაპამდე უცნობია, როდიდან დაიწყებს ქართული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა ვარჯიშს. შესაბამისად, ლატვიაში, გიორგი საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.


ნაკრებთან ერთად და თბილისში არის გოგა ბითაძე, თუმცა, NBA-ს ცნობილი რეგულაციის გამო, გოგას ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშის დაწყება, ოფიციალურ თამაშამდე 2 კვირით ადრე შეუძლია.


კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შეკრება რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი, რომელიც დღეს თბილისში დაიწყო, 9 ივნისამდე გასტანს. ამის შემდეგ, ჯიკიჩის გუნდი, ტრევიზოში გადაინაცვლებს სადაც, 11-20 ივნისის ჩათვლით მოემზადება. მეორე ეტაპის დასასრულს, 23 ივნისს იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება ამხანაგურ შეხვედრაში. საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბოლო, მესამე ეტაპს, საქართველოს ნაკრები უკვე ლატვიაში გაივლის და იურმალაში კიდევ ორ სპარინგს გამართავს, 26 ივნისს კამერუნთან, 28-ში კი, ეგვიპტის ნაკრების წინააღმდეგ.


ოლიმპიური ტურნირი 2-7 ივლისს რიგაში ჩატარდება და პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის დარჩენილი ოთხიდან ერთი საგზური გათამაშდება. დებულების თანახმად, ექვსი გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული: A ჯგუფში ლატვია, საქართველო და ფილიპინები მოხვდნენ, B ჯგუფში ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი. ჯგუფები წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები, ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. უკვე, ამ ეტაპზე გამარჯვებულები კი, ფინალურ მატჩში ეცდებიან პარიზის საგზურის მოგებას. დანარჩენი სამი საგზური პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, ანალოგიურ ტურნირებზე გათამაშდება.


ოლიმპიური ტურნირის მატჩების განრიგი:

2 ივლისი, 20:00  საქართველო - ლატვია

4 ივლისი, 16:30  ფილიპინები - საქართველო

6 ივლისი 1/2 ფინალები

7 ივლისი  ფინალი


ფოტო: კალათბურთის ფედერაციის