ქალთა ეროვნულმა კვიპროსი გასვლაზე დაამარცხა
ქალთა ეროვნულმა კვიპროსი გასვლაზე დაამარცხა
31.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში დღეს, პირველი გამარჯვება მოიპოვა და ახლა ოთხი ქულით, მეორე ადგილზეა. ამასთან, ირის ანტმანის გაწვრთნილ გუნდს, ერთი თამაშით ნაკლები აქვს. ჩვენმა გოგონებმა, კვიპროსზე, ადგილობრივი ნაკრები 0-2 დაამარცხეს და ახლა, 4 ივნისს, თბილისში, გამარჯვების შემთხვევაში, საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდების რიცხვში მოსახვედრად კარგი შანსი უჩნდებათ. თუმცა, კვიპროსის ნაკრებთან საპასუხო თამაშის მოგების გარდა, ჩვენებს, ლიეტუვაშიც სჭირდებათ წარმატებული ასპარეზობდა.

მანამდე კი, დღეს, ირინა ხაბურზანიასა (39') და თეონა ბაქრაძის (63') გოლებით, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, ძალზედ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია (სტატისტიკა)


„რთული თამაში იყო, ძალიან ჩქარ ტემპში დაიწყო მოწინააღმდეგე გუნდმა თამაში, რასაც დასაწყისში ავყევით და ბურთის დაჭერა გაგვიჭირდა. თუმცა, გატანილი გოლის მერე თავდაჯერება მოგვემატა. რთული იყო მთელი ტაიმის თამაში 10 ფეხბურთელითაც, მაგრამ მთელი გუნდის მონდომებით და ბრძოლით  გამარჯვება შევძელით. ჩვენი ნაკრები ამ გამარჯვებას იმსახურებდა", - ამბობს თეონა ბაქრაძე TSFF.ge-სთან საუბარში.




საქართველოს ნაკრები 39-ე წუთიდან მინდორზე 10 მოთამაშით დარჩა. ქართველთა გუნდიდან დღევანდელ მატჩში პირველი გოლის ავტორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, მოედნის დატოვება მოუხდა.


„საოცარი თამაში იყო. კარგად ვერ დავიწყეთ, ჩვენს გეგმას ვერ მივყვებოდით. მოგვიანებით, 10 ფეხბურთელით დავრჩით, მაგრამ ამ გუნდმა გამოავლინა ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ - თუ რას ნიშნავს იყო გუნდი, რომელიც მთელი გულით თამაშობს და აქვს ხასიათი. გოგონებმა სწორედ ასე ითამაშეს და ამით ძალიან ვამაყობ. ყველაფერი გააკეთეს წარმატების მისაღწევად, ორი გოლი გავიტანეთ  და დავიმსახურეთ ეს გამარჯვება", - ამბობს ირის ანტმანი მატჩის დასრულების შემდეგ.


ალბათ, აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში, წინა მატჩებისგან განსხვავებით, საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში მცირედი ცვლილებები იყო. სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს თამაში ნინო ჩხარტიშვილმა და ირინა ხაბურზანიან. თუმცა, ანტმანს, მას შემდეგ რაც ქართველთა მოთამაშე მინდვრიდან გააძევეს, ამ კუთხითაც მოუხდა გადაწყობა.


„რთული თამაში იყო, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი კვიპროსის ასეთ აქტიურ დასაწყისს. თავიდან, შეგვიქმნეს მომენტები და ბურთის ფლობაც მათი იყო, მაგრამ კარგი დაცვით კონტრშეტევებზე კარგად გადავდიოდით. ირინას გოლი იყო გადამწყვეტი ფაქტორი რამაც თავდაჯერებულობა მისცა გუნდს. ბაქრას გოლის შემდეგ კი, უკვე დარწმუნებულები ვიყავით გამარჯვებაში. რაც მთავარია, ფეხბურთელებმა დღეს, ხასიათი აჩვენეს და დაამტკიცეს რო გამარჯვება შეგვიძლია", - ამბობს ანა ჩემინავა, TSFF.Ge-სთან საუბარში.




საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ხვალ თბილისში დაბრუნდება და 4 ივნისის მატჩისთვის მოემზადება, რომელშიც კვლავ, კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 დაიწყება.


„4 ივნისს, კვიპროსის ნაკრებს უკვე თბილისში ვეთამაშებით. ვთხოვ გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ, რადგან მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. თქვენ ხართ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც გვამხნევებენ და მეთორმეტე მოთამაშეს წარმოადგენენ მოედანზე", - ამბობს თათია გაბუნია, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „კვარტალის" მეკარე, რომელსაც 2024 წელს, დღევანდელის ჩათვლით, ეროვნული ჩემპიონატისა და სანაკრებო 13 მატჩიდან, 10 შეხვედრაში კარი მშრალად აქვს შენახული.



ფოტო: (с) კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია