ქართველი ფრენბურთელი ქალები 2 ივნისს ვერცხლის ლიგის ბოლო შეხვედრას გამართავენ
ქართველი ფრენბურთელი ქალები 2 ივნისს ვერცხლის ლიგის ბოლო შეხვედრას გამართავენ
31.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისი არენაზე, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა  ფრენბურთში, ევროპის ვერცხლის ლიგა 2024-ის მორიგი შეხვედრა გამართა და ლუქსემბურგის ნაკრები 3-0 (24-26, 18-25, 15-25) დაამარცხა. ქართველთა შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე შედეგიანი 18 ქულით ანა კალანდაძე აღმოჩნდა. სხვათა შორის, კალანდაძის მაჩვენებელი საუკეთესო იყო ორივე გუნდს შორის.

იხილეთ მატჩის სტატისტიკა


პირველი თამაში ქართველმა ფრენბურთელებმა 18 მაისს, პოდგორიცაში, ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ჩაატარეს და 3-0 (25-16, 25-13, 25-19) გაიმარჯვეს. ქართული გუნდიდან 17 ქულით საუკეთესო შედეგი ანა კალანდაძემ აჩვენა. მატჩის სამი საუკეთესო შედეგიც ქართველ გოგონებს ჰქონდათ, 11 ქულა მარიამ მუშკუდიანს და 9 ლიზი ირინე ლობჟანიძეს. დაძაბული გამოდგა, 19 მაისს, საქართველოს ნაკრების მეორე მატჩი პოდგორიცაში, სადაც ჩვენებმა მასპინძლებთან 3-1 (25-13, 23-25, 25-14, 25-16) წააგეს.


უკვე მომდევნო ორი შეხვედრა ქართველმა ფრენბურთელებმა რიგაში გამართეს.  24 მაისს, ოლიმპიურ ცენტრში  0-3 (23-25, 14-25, 14-25) დამარცხდნენ მასპინძლებთან. თუმცა, მომდევნო დღეს, ჩვენს ნაკრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას გუნდის ტურნირიდან მოხსნის გამო, ტექნიკური მოგება ჩაეწერათ აქტივში.


თბილისში დღეს, 31 მაისს გამართული შეხვედრა კი, ჩვენი გუნდისთვის მესამე მოგებული მატჩი გამოდგა. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, თბილისშივე, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.


სატურნირო ცხრილში, საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრებს უკვე 5 მატჩი დაუგროვდა, საიდანაც 3 მოგებული აქვთ და უნგრეთის, პორტუგალიისა და მონტენეგროს შემდეგ, 10 გუნდიან ცხრილში მე-5 საფეხურზე არის.


ტურნირის ფინალური ეტაპი 13 და 16 ივნისს გაიმართება და გამარჯვებულს პირველი ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი სახლი-გასვლის ფორმატით, ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამოავლენს.


იხილეთ გათამაშების ცხრილი

ფოტო:  © cev