საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2024 წლის დეკემბერში, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ავთანდილ ასათიანის გუნდი, რომელიც, 2023 წლის შემოდგომაზე შექმნილი პრობლემების გადაჭრას დღემდე ცდილობს, რაც რეალურად, ახალი გუნდის შენებას ნიშნავს, ნატურალიზირებული ლეგიონერების გარეშე, მეინ-რაუნდისთვის სახელდახელოდ ემზადება. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეინ-რაუნდში კი, ჩვენი ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც საფრანგეთის, კოსოვოსა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
„ჯგუფი, როგორც ყოველთვის რთული. საფრანგეთის ნაკრებზე არც არის საუბარი. სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და საფრანგეთი, ერთ-ერთი ფავორიტია. მეორე კალათიდან ჩვენ ამოვედით და აი, მესამე კოსოვოა, რომელმაც ამ ბოლო წლებში წინსვლა განიცადა და გაიზარდა. ჩვენ რეიტინგში მათზე წინ ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ახალი გუნდი ვართ. ასე, რომ... მეოთხე გუნდი ჩვენს ჯგუფში ბულგარეთია - საკმაოდ ტექნიკური გუნდია. თუმცა, მოწინააღმდეგეებისთვის, არც ჩვენ ვართ საჩუქარი. რთული იქნება, მაგრამ უნდა ვიჭიდაოთ. დალაგდება თამაშების განრიგი და იმის მიხედვით ავეწყობით", - ამბობს ავთანდილ ასათიანი დღეს, ნიონში ფუტსალში, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის წილისყრის შემდეგ, TSFF.Ge-სთან საუბარში.
მეინ-რაუნდისთვის მოსამზადებლად, სფფ-მ ფუტსალის ნაკრებისთვის რვა სპარინგ მატჩი დაგეგმა, რომელთაგან, ასათიანის გუნდმა ოთხი უკვე ჩაატარა და ოთხივეში გაიმარჯვა, თავდაპირველად რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა ორჯერ და იდენტური ანგარიშით 4-2 დაამარცხა, შემდგე კი, აზერბაიჯანის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, პირველ შეხვედრაში 3-2, მეორეში კი, 2-1 იმარჯვა.
რაც შეეხება, მეინ-რაუნდის ჯგუფში დაწყვილებულ მეტოქეებს, საქართველოს ნაკრებს, საფრანგეთისა და კოსოვოს ნაკრებებთან თამაშს გამოცდილება აქვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებს არც თუ შორეულ წარსულში, ევროპის 2022 წლის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა. ასათიანის გუნდმა პირველი შეხვედრა საფრანგეთში, პარიზი - ალ ჟორჟ კარპანტიეში ფრედ, 4-4 ითამაშა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები ბინიომ, რონინიო, ელისანდრომ და სიმი საიოტიმ გაიტანეს. საპასუხო შეხვედრაში უკვე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ნაკრებმა 3-2 იმარჯვა. გოლები კი, თალესმა (დუბლი) და რონინიომ გაიტანეს. იმ გოლების ავტორთაგან, 2024 წლის ბოლოს ავთანდილ ასათიანის გუნდში, მხოლოდ რონი იქნება. შესაბამისად, ჩვენებს ფრანგების კიდევ ერთხელ გატეხვა და რატომაც არა, ახალი ქართული გუნდით, ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე მოუწევთ.
2020 წლის თებერვალში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დავუპირისპირდით კოსოვოს ნაკრებსაც და 6-1 დავამარცხეთ. ჩვენი გუნდიდან ჰეთ-თრიქი არჩილ სებისკევრაძემ შეასრულა, თითო გოლი კი, სიმი საიტომ, ნიკოლოზ კურტანიძემ და თალესმა გაიტანეს.
30 მაისს, ნიონში ფუტსალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის წილისყრის შემდეგ, ათი 4-გუნდიანი ჯგუფი შედგა. ევროპის ჩემპიონატის საგზურს, საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას ფლეი-ოფში გააგრძელებს.
მეინ-რაუნდის მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება და ორ წრედ (სახლი-გასვლა) ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2026 წელს, 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით ლატვია და ლიეტუვა უმასპინძლებენ.