დღეს თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში" მისულმა, დარბაზში რომელშიც მალე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, პრიზის ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა უნდა დაესახელებინა, ყურადღება თავდაპირველად ხელმარცხნივ ჩამწკრივებულმა შტენდერებმა მიიქცია - ერთი მეორეს მიყოლებით, ის შვიდი ქართველი ვაჟი ჯუდოკა მიყურებდა, რომელთაგანაც, ალბათ, არა მარტო მე და ჩვენი სპორტული ვებ პორტალი, სრულიად საქართველო, მინიმუმ ფინალში ბრძოლას ელის.
ზუსტად ამ შტენდერების მოპირდაპირე მხარიდან, აშკარად, უფრო მეტი, ვიდრე ეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს იყო, ქართველი გოგონა ჯუდოკები შემომცქეროდნენ - ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ). აქვე გეტყვით, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც პირველი ქალი ლიცენზიანტი გვყავდა, ამჯერად, პარიზში ქართული გუნდი სამი ქალი ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გოგონები, ძიუდოს ქართული სკოლის აღზრდილები არიან. გოგონათა გუნდი, დარბაზში მყოფთ გია თენაძემ წარუდგინა.
„ახლა, ბაკურიანში ვართ შეკრებაზე და პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ვემზადებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ისტორიული მედლები და ვასახელოთ საქართველო. რა თქმა უნდა, გუნდურშიც შევეცდებით საქართველოში მედლით დავბრუნდეთ", - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჯუდოკა ქალი, რომელიც თანაგუნდელებთან, მათ შორის, გურამ თუშიშვილთან ერთად, ბაკურიანში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე.
სხვათა შორის, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველად მიიღებს მონაწილეობას შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ქართული გუნდიც. შეჯიბრი, რომელიც პირველად, 2020 წელს, ტოკიოში გაიმართა, ქართველების გარეშე ჩატარდა. მიზეზი, არასაკმარისი ლიცენზიები იყო. ამჯერად კი, საქმე საჩვენოდ კარგად დატრიალდა. თანაც, ქართულმა გუნდმა წარმატებას 2024 წელს, შერეულ გუნდურ ჩათვლაში სტაბილურად იასპარეზა - მესამე ადგილი აიღო, მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო ევროპის ფინალში ფრანგებთან დავმარცხდით და მხოლოდ, ვიცე-ჩემპიონის სტატუსს დავყაბულდით. ეს სტაბილურობა, იმედს გვიტოვებს, რომ ქართული გუნდი, მედლის გარეშე არც პარიზიდან დაბრუნდება.
და ბოლოს ის, რითაც ამბის თხრობა დავიწყეთ და ვისაც, რეალურად ქართული სპორტის მოყვარულები, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ყველაზე დიდ იმედებს უკავშირებენ.
„მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სათანადოდ გამოვიდე. ყველა ხედავს, რომ გუნდში არის მაგარი მუხტი. შესაბამისად, ეს მუხტი, რომ არ განელდეს, ვეცდები პირველივე დღეს მაღალი ხარისხის მედლის მოგებას და ამით მივცემ მოტივაციას არა მარტო ძიუდოს გუნდს, არამედ მთელს ქართულ დელეგაციას", - ამბობს გიორგი სარდალაშვილი, რომელმაც ქართველთაგან ყველაზე უმცროს ასაკში, 20 წლისამ, რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. IJF-ის, რეგულაციებით კი, ის, სწორედ იმ წონით კატეგორიას წარმოადგენს, რომელიც ვაჟთა შორის პირველი იწყებს ასპარეზობას. შესაბამისად, „სარდალა", ქართველთაგან ყველაზე პირველი, 27 ივლისს იასპარეზებს მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე.
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავური შემადგენლობა და ამ ფაქტორს, დღეს, „შერატონში", რამდენჯერმე გაესვა ხაზი, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა დაასახელა: გიორგი სარდალაშვილი (-60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ). ბევრი არა, თუმცა, ჯუდოგებში თვალს მიჩვეული და დღეს უჩვეულოდ, კლასიკურად და ძალიან სიმპათიურად გამოწყობილმა ერის ბიჭებმა, ბევრი არ ილაპარაკეს, თუმცა, რეალურად, ყველამ, ხუთმა დარბაზში და „თუშამ" ბაკურიანიდან (დღეს, „შავიდ" დაგვაკლდა), პირობა დადეს, რომ თბილისში მედლის გარეშე არ დაბრუნდებოდნენ. ის კი არა, ლაშა ბექაურმა თბილისის აეროპორტში უკვე, დღეს, ხალხიც დაიბარა, რაც შეიძლება მეტი დაგვხდითო...
|
„გახარებული ვარ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ წარვადგენ საქართველოს. როდესაც წინა ოლიმპიადაზე ფინალი წავაგე, ოქროს მედალი მაშინვე დავისახე მიზნად და ახლა, ძალიან მინდა ეს მიზანი რეალურად ავისრულო", - ამბობს ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც პარიზში 28 ივლისს იასპარეზებს.
„ბევრს არ ვიტყვი. უბრალოდ, გპირდებით ვიბრძოლებ ბოლომდე და რა იქნება მერე, ყველა ვიხილავთ", - ამბოს ტატო გრიგალაშვილი, რომელიც პარიზის ტატამზე 30 ივლისს გამოვა. ოდნავ მოგვიანებით, ტატოს, მატიას კასეზე შეეკითხებიან, რას აპირებო და კიდევ ერთხელ დავამარცხებო, მშვიდად უპასუხოა ტატომ.
„ჩემთვის მეორე ოლიმპიადა იქნება და ვეცდები, კარგად წარვადგინო საქართველო. ჩემი ასპარეზობა იყოს გამორჩეული და საუკეთესო შედეგი მოვუტანო ჩემს ქვეყანას. არა მარტო მე და შემდეგ, თბილისში რომ ჩამოვალთ, აეროპორტში, უფრო მეტი ხალხი მინდა მოვიდეს", - ამბობს ლაშა ბექაური, რომელიც ტოკიოს შემდეგ, ტიტულის დაცვას უკვე პარიზში შეეცდება. ის, 31 ივლისს იასპარეზებს.
„ყველა ის ადამიანი ვინც დღეს ამ წარდგენისას აქ ხართ, ამ წარდგენიდან ოლიმპიურ მედლებამდე არა მხოლოდ, გულშემატკივარი ხართ, არამედ, 100 %-ით ჩართული ხართ ამ საქმეში. ბედნიერი ვარ, რომ იმით, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელიც ვარსკვლავებს წყვეტს", - ამბობს ილია სულამანიძე, როგორც გუჯეჯიანმა წარდგენისას თქვა, გუნდის „კულტურული კაცი" და რომელიც ოქროს მედალს, სადებიუტო ოლიმპურ თამაშებზე, 1 აგვისტოს შეუტევს.
„მოლოდინები კარგია, შემართებით და საბრძოლო განწყობაზე ვართ. მეორე ოლიმპიადაა და რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. გამოცდილებაც მეტი იქნება ამჯერად. ვემზადებით ყველა მეტოქისთვის, არა მარტო რინერისთვის. შევეცდებით, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და მთლიანად, ჩვენი ქვეყანა", - ამბობს გურამ თუშიშვილი.
ისე, მოხდა, რომ დღევანდელი წარდგინებისას, რომლის მსგავსიც პირადად მე, საქართველოში, ძიუდოს სფეროდან არ მახსენდება, ბევრი წინადადება დაიწყო სიტყვებით პირველად... მაგალითად, პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, ფედერაციამ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი თვით ადრე, ქართული გუნდი ხმამაღლა წარადგინა - საბაბი კი, ამისთვის ნამდვილად იყო. პირველად, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ჯუდოკები 11 ლიცენზიით იქნებიან წარმოდგენილები, 10 ინდივიდუალური (7 ვაჟები, 3 გოგონა) და ერთიც გუნდურით. ამასთან, საქართველოს ჯუდოკების ოლიმპიურ გუნდში მყოფი 10 ძიუდოისტიდან ორი, ოლიმპიური ჩემპიონია, მათ შორის ერთი მოქმედი. ოთხი ჯუდოკა, რომლებიც პარიზს ესტუმრებიან, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობენ, ორი კი, მათ შორის მოქმედია. კიდევ ექვსი ქართული გუნდიდან, ევროპის ჩემპიონის წოდებას ფლობს, აქედანაც ორი მოქმედია.
და ბოლოს, შეგახსენებ იმასაც, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ძიუდოში ინდივიდუალური შეჯიბრებები 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გასტანს, ხოლო გუნდური შეჯიბრება 3 აგვისტოს გაიმართება.
დღევანდელი მონაცემებით, ქართული ოლიმპიური 23 კაციანი გუნდიდან, 10 ძიუდოისტია.