ლიეტუვასთან კარგად დაწყებული თამაში, რომელშიც ჩვენივე უყურადღებობის გამო ორი გოლი გავუშვით და საბოლოოდ ფრედ 2-2 დავასრულეთ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის, როგორც ჩანს ამოსავალი წერტილია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი თვლის, რომ მისმა გუნდმა ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩში დაშვებული შეცდომები სრულად გააანალიზა და ახლა, ჯგუფში, უშუალო კონკურენტთან, კვიპროსის ნაკრებთან, ორივე თამაშში უნდა მოიგოს. მითუმეტეს, რომ ქალთა ნაკრებში ბიჭების არ იყოს, ამაღლებული განწყობაა და გოგონებიც მოტივირებულნი არიან.
„ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებით. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რადგან მოედანზე თანაბარი ძალების მქონე ორი გუნდი გავა. თამაშის დღეს ყველაფერი ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. ამ შეკრებაზე მათ ეტყობათ, რომ გამარჯვებით მოპოვება ძალიან უნდათ. ჩვენ საკმაოდ კარგად დავიწყეთ ჯგუფური ეტაპი ლიეტუვას ნაკრებთან თამაშით, სადაც ორი გოლი გავიტანეთ, თუმცა, ჩვენივე შეცდომების გამო, ასევე ორი გოლი გავუშვით. იმ შეხვედრაში დაშვებული შეცდომებზე ვუმუშავეთ, ვფიქრობ გამოვასწორეთ და ახლა, მთლიანად, მომდევნო თამაშებზე ვართ კონცენტრირებულნი. მომდევნო თამაშებში ქულები უნდა მოვიპოვოთ", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელიც კვიპროსთან მატჩების წინ სასტუმრო მოხალისეში დაბანაკდა, მომავალი თამაშებისთვის, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" ემზადებოდა. კუნძულზე გამგზავრებამდეც, ჩვენმა ქალთა ეროვნულმაც ბოლო ვარჯიში, სწორედ იმ სტადიონზე გამართა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს. ორივე თამაში ერთი მეტოქის წინააღმდეგ გველის, რაც რთული იქნება. დაახლოებით ერთი დონის გუნდები ვართ და გვაქვს შანსი გამარჯვებით დავასრულოთ ეს თამაშები. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შეკრება ძალიან კარგად მიმდინარეობს. მოტივირებულები ვართ და ვცდილობთ, რომ ვარჯიშებზე მაქსიმუმი გავაკეთოთ", - ამბობს ნინო ჩხარტიშვილი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და „ლანჩხუთის" გამოცდილი ფეხბურთელი.
ირის ანტმანის გუნდი, ხვალ, 30 მაისს, 13:00 საათისთვის თბილისიდან კვიპროსზე გამგზავრება. მოგვიანებით, კუნძულზევე, მატჩამდე ივარჯიშებს. მომდევნო დღეს, 31 მაისს კი, ჩვენი გუნდი Ethnikos Achnas-ის სტადიონზე კვიპროსის ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გვერდი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, კვიპროსზე კვიპროსისა და საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრებების თამაშს ესწრებოდა, იმედოვნებს, რომ კუნძულზე მცხოვრები ქართული დიასპორა, მათ საქომაგოდაც მივა.
„მოსამზადებელმა შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. შევისწავლეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ორივე მატჩის დადებითი შედეგის დასრულებაა", - ამბობს სალომე გასვიანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „კვარტალის" ფეხბურთელი.
აქვე შეგახსენებთ, რომ 31 მაისის შეხვედრიდან მალევე, 4 ივნისს, გუნდები, უკვე თბილისში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ირის ანტმანს ამ ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული.
ქალთა ეროვნული კვიპროსთან სათამაშოდ ემზადება
სფფ-ს ფოტო