ქართველი ქომაგის ნაწილი ეროვნულს მიხეილ მესხიდანაც გაამხნევებს
ქართველი ქომაგის ნაწილი ეროვნულს მიხეილ მესხიდანაც გაამხნევებს
29.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მართალია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისში, თუმცა ფეხბურთის იმ გულშემატკივარს, რომელმაც ვერ მოახერხა გერმანიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. სფფ-ამ, დღეს, სოციალური ქსელით, ფეხბურთის გულშემატკივარს ამცნო, რომ, 18, 22 და 26 ივნისს, თბილისელებსა და დედაქალაქის იმ სტუმრებს, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ შანსი ეძლევათ, საფეხბურთო გარემოში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან უქომაგონ ქართველთა ნაკრებს.

„მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს", - ნათქვამია სფფ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მათივე ცნობით, თამაშის დღეებში, მიხეილ მესხის სტადიონზე „კოკა კოლასა" და საქართველოს ბანკის მიერ, სხვადასხვა გასართობი აქტივობები იგეგმება. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია, სადაც ეროვნული ნაკრებისა და ქომაგების ატრიბუტიკის შეძენა იქნება შესაძლებელი. ეროვნული ნაკრების სივრცის მოწყობა, თბილისის მერიამ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სპონსორმა, კრისტალბეთმა ითავა.  სტადიონზე გულშემატკივარს თავისუფლად შეეძლებათ შესვლა და თამაშებზე დასწრება.


აქვე შეგახსენებთ, რომ უშუალოდ, გერმანიაში, საქართველოს ნაკრების თამაშებს რამდენიმე ასეული „ქომაგი", მათთან ერთად კი, რამდენიმე ათასი საქართველოდან საგანგებოდ თამაშებზე ჩასული გულშემატკივარი და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა გაამხნევებს.