საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. სადებიუტო ტურნირისთვის ვილი სანიოლის გუნდი, როგორც რამდენიმე დღის წინ, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, მედიასთან შეხვედრის დროს დაანონსდა ოფიციალურად, შეკრებაზე 28 მაისს გაემგზავრა. ქართველთა გუნდი, არასრული შემადგენლობით, ჩარტერული რეისით დღეს, თავდაპირველად ზალცბურგში, შემდეგ კი გეინბერგში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღეში, სრული შემადგენლობით შეიკრიბება და სრულფასოვან ვარჯიშებს დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა: მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო თბილისი", საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი); დაცვა: სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი", საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", ირანი), გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე („პანეთოლიკოსი", საბერძნეთი), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი ('ვოლფსბერგერი", ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", აშშ), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი", კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი).
პირველ ვარჯიშს, ქართული გუნდი, ხვალ, 29 მაისს ჩაატარებს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ავსტრიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე არაოფიციალური ვარჯიში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართა. ასევე, ჩვენი გვერდის ინფორმაციით, ეროვნულ ნაკრებს, ავსტრიაში, 3-4 დღეში შეუერთდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება. საკლუბო კალენდრიდან გამომდინარე კი, ავსტრიაში ყველაზე ბოლოს, ჟორჟი ჩავა.
როგორც დაანონსებული იყო, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ავსტრიიდან ვილი სანიოლის გუნდი მონტენეგროში ჩავა და 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამხანაგური შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და 10 ივნისიდან პატარა ქალაქ ფელბერტში დაიწყებს მზადებას.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.
ფოტო: © სფფ / ლაშა კუპრაშვილი