თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ფინალურ სერიას მიუახლოვდა. ვირტუსმა ბოლონიაში ვენეციას უმასპინძლა და დაძაბულ, დრამატულ ფინალში მინიმალური სხვაობით 79-78 სძლია. შედეგად, ვირტუსი ნახევარფინალურ სერიაში 2-0 დაწინაურდა და ფინალის საგზურის მოპოვებამდე 1 მოგება აშორებს.
არადა, ვირტუსი წაგებას ბეწვზე გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიური გუნდი მე-3 პერიოდში მთელი 22 ქულით იგებდა, საბოლოოდ წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ვენეციელებმა წინა მატჩის მსგავსად დიდი ჩამორჩენა გააბათლეს და ბოლო წუთზე წინაც გავიდნენ 78-76. ჯერ იყო და დანიელ ჰაკეტის 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რითაც თამაშის დასრულებამდე 37 წამით ადრე ჩამორჩენა შეამცირა. შემდეგ კარგმა დაცვამ ის შედეგი გამოიღო, რომ ვენეციელი რეიჟონ ტაკერი შეტევაში დაჯარიმდა და ბოლონიელებს თამაშის გადასარჩენად 21 წამი დარჩათ.
მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ამირ სიმსი ისაია კორდინიეზე დაჯარიმდა, ამ უკანასკნელმა კი ორივე საჯარიმო ჩააგდო და ვირტუსს გამარჯვება მოუტანა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში მოკრძალებული - 15 წუთი გაატარა. ეს საჯარიმოების ბრალი იყო, რომელიც ქართველ ფორვარდს ნაადრევად უხვად დაუგროვდა და საბოლოოდ, მე-4 პერიოდში 5 პერსონალურის გამო მოედანი დატოვა. 15 წუთში შენგელიამ 5 ქულის, 4 მოხსნისა და 3 პასის დაგროვება მოასწრო. მან 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ბურთი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.
როგორც აღვნიშნეთ, ვირტუსი სერიას 2-0 იგებს და ფინალამდე 1 მოგება აშორებს. მომდევნო მატჩი ვენეციაში, 29 მაისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში მილანის არმანი 1-0 უგებს ბრეშას.
ვიდეო-კადრები მატჩიდან