ოფიციალურად - ქართველ ოლიმპიელთა რიცხვი სამით გაიზარდა
ოფიციალურად - ქართველ ოლიმპიელთა რიცხვი სამით გაიზარდა
26.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით ლაშა ტალახაძე, ირაკლი ჩხეიძე და შოთა მიშველიძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.


„პარიზის XXXIII ოლიმპიურ თამაშების ქართველ ლიცენზიანტთა რიგებს 3 ძალოსანი შეემატა: ოფიციალურად დადასტურდა, რომ პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე იასპარეზებენ შოთა მიშველიძე (61 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ლაშა ტალახაძე (+109 კგ). სეოკ-მა შესაბამისი წერილი უკვე მიიღო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან.


შოთა მიშველიძე არის მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ირაკლი ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია; ლაშა ტალახაძე  მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო ძალოსნობის ლიდერია - ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის შვიდ-შვიდგზის ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი.


საქართველოს ნაკრებმა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 5 სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური საგზურის მისაღებად რეიტინგის საუკეთესო ათეულში მოხვედრა იყო აუცილებელი. ლაშა ტალახაძე ამ  რეიტინგში ლიდერობს, შოთა მიშველიძე მე-7 ადგილზეა, ხოლო ირაკლი ჩხეიძე მე-9 საფეხურზეა.


რაც შეეხება ქალთა ნაკრების ლიდერს, ანასტასია გოტფრიდს, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაირკვევა, მიიღებს თუ არა ლიცენზიას.


აღსანიშნავია, რომ ძალოსნობაში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 2020 წლის ტოკიოს თამაშებისგან განსხვავებით, სადაც შვიდ წონაში გათამაშდა მედლების კომპლექტი, პარიზში გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით კაცებში და ქალებში ხუთ-ხუთ წონაში გათამაშდება მედლები. საქართველო ხუთიდან სამ წონაში იქნება წარმოდგენილი", - ნათქვამია საქართველოს ეროვნული კომიტეტის საინფორმაციო წერილში.


აქვე შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები უკვე მოპოვებული აქვთ ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), ლაშა გურული (კრივი), გოდერძი ძებისაშვილი (65კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ) - ყველა თავისუფალი ჭიდაობა; რამაზ ზოიძე (67 კგ), რობერტ კობლიაშილი (97კგ) - ორივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა).


იხილეთ განახლებადი ბმული


ოლიმპიური ლიცენზიების ოფიციალურ დასტურს ქართველი ჯუდოკების გარდა, სეოკ-ში ცურვაში, მძლეოსნობასა და ჩოგბურთში ელიან. აქვე შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას საქართველოს საკალათბურთო ნაკრებიც შეეცდება და თუკი, ალექსანდრ ჯიკიჩი ტურნირის მოგებას მოახერხებს, მისი გუნდი გახდება პირველი საქართველოში, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე სათამაშო სახეობებში იასპარეზებს.


და ბოლოს, ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც სათამაშო სახეობებს და პარიზის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ვერსიით, იმ შემთხვევაში თუკი, ისრაელი 100%-იან უსაფრთხოების გარანტიას არ მიიღებს, არაა გამორიცხული ისრაელის საფეხბურთო ნაკრების ადგილი საქართველოს ნაკრებმა დაიკავოს. თუმცა, ამ ინფორმაციაზე ჯერ-ჯერობით ქართული წყაროები არაფერს ამბობენ.


ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი