საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და შემადგენლობის დასახელების შემდეგ, გუნდში ცვლილების შესახებ გამოაცხადა. უფრო ზუსტად, ნაკრებში წასვლაზე უარი, ქართული ფეხბურთის მოქმედმა ლეგენდამ (და არ გადავაჭარბებთ თუკი, მას, ასე მოვიხსენიებთ) ჯაბა კანკავამ განაცხადა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დღეს დილით სოციალური ქსელით ამცნო გულშემატკივარს.
დღის ბოლოს კი, სფფ-ის ვებ-გვერდმა ჯაბას გადაწყვეტილების თაობაზე და შესაბამისად, 7 ივნისამდე, უეფა-ში ჩასაბარებელ 26-კაციან განაცხადში შეტანილ ცვლილებაზე ოფიციალურად განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. 38 წლის ჯაბა კანკავა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 101 მატჩი აქვს გამართული, ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა.
ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 8 სექტემბერს, ალბანეთთან შეხვედრაში შედგა. თითქმის 20-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში კანკავამ ეროვნული გუნდის მაისურით 101 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. ბოლო შეხვედრა ჯაბა კანკავამ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართა", - ნათქვამია სფფ-ს საინფორმაციო წერილში, სადაც აღნიშნულთა დაკავშირებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის კომენტარიც არის გამოქვეყნებული.
„ჯაბა კანკავა ნაკრების გამოცდილი და დამსახურებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მარტის პლეი ოფის მატჩებში, მისი ნაკრებთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გუნდში დიდი მუხტი შემოიტანა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა ევროპის ჩემპიონატზე ისევ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიონალია გუნდისთვის. პირადად ჩემთვის, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამავდროულად მას პატივს ვცემ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იგივე პოზიციის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს და ნაკრები დაბალანსებულად დაკომპლექტდეს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შვეიცარიული ბაზელის წევრი გაბრიელ სიგუა შეუერთდება", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ევრო 2024-ზე, რომელიც ჩვენი გუნდისთვის სადებიუტოა, მონაწილეობის მისაღებად, შეკრებას 28 მაისიდან ავსტრიაში, გეინბერგში დაიწყებს. სწორედ, ავსტრიიდან გადავლენ ჩვენები პოდგორიცაში, სადაც 9 ივნისს, ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, მონტენეგროს ნაკრებთან. 10 ივნისიდან კი, ქართული ლეგიონი მინიმუმ 27 ივნისამდე გერმანულ ფლებერტში დაიდებს ბინას და სადებიუტო მატჩებისთვის, უკვე, უშუალოდ გერმანიაში გააგრძელებს მზადებას.
ჩვენი გვერდი, TSFF.Ge აკრედიტებულია ევროპის ჩემპიონატზე, შესაბამისად ჩვენ, უშუალოდ ადგილიდან შევეცდებით გიამბოთ საინტერესო ამბები.