არაოფიციალური გუნდური მეორე და შერეული გუნდურის ბრინჯაო - ქართველი ჯუდოკები სახლში ბრუნდებიან
არაოფიციალური გუნდური მეორე და შერეული გუნდურის ბრინჯაო - ქართველი ჯუდოკები სახლში ბრუნდებიან
24.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 25 მაისს თბილისში დაბრუნდება. პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ქართველმა ჯუდოკებმა მორიგი წარმატებული ტურნირი ჩაიწერეს. ამჯერად, აბუ დაბიში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატიდან მედლებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან. მათ შორის შერეული გუნდური პირველობის ბრინჯაოთი.

თითქმის ერთკვირიანი მარათონის ბოლო დღეს, ემირატებში, შერეული გუნდური პირველობა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, განთესილ გუნდებს შორის მოხვდა და შესაბამისად, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ტატამზე კი, პირველი მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტი,  ლუკა ბაბუციძე (-90კგ) გამოვიდა, რომელმაც, სასტარტო შეხვედრა იპონით მოიგო და გუნდს ტონუსი მისცა. ქართულმა გუნდმა, უნგრელები 4-1 დაამარცხეს, ბაბუციძის გარდა ბრძოლები მოიგეს, გურამ თუშიშვილმა, ნინო ლოლაძემ და გიორგი ჩიხელიძემ.


მომდევნო დაპირისპირება ქართველებს უკვე 1/2 ფინალური ჰქონდათ, სადაც მათ წინააღმდეგ საფრანგეთის ნაკრებმა იასპარეზა. აქ, ჩვენებიდან, მხოლოდ „თუშიმ" და ჩიხელიძემ გაიმარჯვეს, შესაბამისად, დაძაბულ დაპირისპირებაში 4-2 დავმარცხდით და ბრინჯაოს მედლებისთვის საბრძოლველად გადავერთეთ.


ბოლო შეხვედრაში, ქართული გუნდი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4-1 გაიმარჯვა. „ბრინჯაოს ფინალში" ჩვენი გუნდიდან გურამ თუშიშვილმა, ნინო ლოლაძემ, გიორგი ჩიხელიძემ და ლუკა ბაბუციძემ აიღეს ქულები.


შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდურ ასპარეზობამდე, ქართველმა ჯუდოკებმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს - გიორგი სარდალაშვილი (-60კგ),  ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ერთი ვერცხლის - გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ერთიც ბრინჯაოს მედალი - ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) აიღეს და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, იაპონიის ნაკრების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. ყველაფერ ამას კი, დღეს დასრულებული შერეული გუნდური შეჯიბრის ბრინჯაო დაემატა.


ფოტო: @IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი