სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის ბრინჯაოს პრიზიორი გურჯაანში გამოვლინდა. კახეთის ქალაქმა მესამე ადგილისთვის მატჩს უმასპინძლა, რადგან დელტას რეგულარულ ჩემპიონატში გაუ-ზე მაღალი ადგილი ჰქონდა დაკავებული და მოედნის უპირატესობას ფლობდა. ორივე გუნდმა ნახევარფინალური სერია წააგო და ბრინჯაოს მედლების მოგება სანუგეშო ხასიათს ატარებდა.
თამაში მესამე ადგილისთვის მატჩების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოვიდა. გაუ-მ სეზონი ისე შთამბეჭდავად დაასრულა, როგორც მისი დიდი ნაწილი ჩაატარა. დავით როგავასა და გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილი გაუ ვარსკვლავებით არ გამოირჩეოდა, თუმცა გუნდური, დალაგებული თამაშის წყალობით სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, რაც გუნდის ბიუჯეტისა და შემადგენლობის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შედეგია.
მესამე ადგილისთვის მატჩი გაუ-მ კლასიკურად - დიდ და გამოცდილ გუნდებს რომ სჩვევიათ, ისე მოიგო. მთელი თამაში მდევრის როლში იყო და შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაძაბა სიტუაცია, წინაც გავიდა და მაშინ, როცა მასპინძლები დაწინაურდნენ და გამარჯვებამდე მივიდნენ, ერთი, საფინალო გასროლით შეხვედრა მოიგო.
გაუ-ს ყველა კალათბურთელი, რომელიც მოედანზე გავიდა, გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, თუმცა 2 მათგანი გამოსარჩევია. ეს გახლავთ ივანე მეგენეიშვილი, რომელმაც 27 ქულითა და 15 მოხსნით კაშკაშა სტატისტიკა დააფიქსირა და გამარჯვების ბურთის ჩამგდები ნიკოლოზ თოთლაძე. მან რამდენიმეწამიან მონაკვეთში გზა ანტიგმირობიდან გმირობამდე გაიარა, ყველაფერი კი ასე მოხდა: მატჩის ბოლო წუთი დაიწყო, გაუ 2 ქულით იგებდა და უტევდა. ბურთი თოთლაძემ გადაიტანა მეტოქის მოედანზე და გაუ-ს გამარჯვების გასანაღდებლად ფაქტობრივად შეტევის შედეგიანად დაგვირგვინება ჰყოფნიდა. თოთლაძემ დრიბლინგისას მეურვეს ხელი სახეში მოარტყა და დაჯარიმდა. ბურთი გურჯაანს გადაეცა, რომლის უკანახაზელმა, ტერი კოლინსმა სამქულიანით გურჯაანელები დააწინაურა 92-91. სტუმრებმა დაცვაში მოინდომეს, დელტას არ ჩააგდებინეს და დასკვნით შეტევაში თოთლაძემ სამქულიანი ჩააგდო 93-92 (სტატისტიკა) დასრულებამდე 4 წამით ადრე.
დარჩენილ დროში გურჯაანელებმა მოახერხეს სროლის ორგანიზება, თუმცა მერაბ ბოქოლიშვილის ცდა არაზუსტი აღმოჩნდა და გაუ-ს მოთამაშეები გამარჯვების აღსანიშნავად მოედანზე შეცვივდნენ. გამარჯვებულებს ზემოთნახსენები შთამბეჭდავი ორმაგი დუბლით მეგენეიშვილმა ულიდერა, 24 ქულა და 11 პასი თევის სმიტმა მიითვალა, 15 ქულა აიზია სმოლის ანგარიშზეა.
მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოებაზე გაუ-ს წევრებს ვერცხლის მედლები სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ და მისმა მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ გადასცეს.