აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართულმა გუნდმა, ინდივიდუალური ასპარეზობის ბოლო დღეს კიდევ ერთი, ვერცხლის მედალი აიღო. +100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილს ოქრომდე ცოტა დააკლდა და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მედლამდე ასპარეზობა „თუშიმ" მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად ალჟირელი ლილი დაამარცხა. მას, 32 წამში მოგებული ორთაბრძოლით თურქი იბრაჰიმ თათაროლუ მიაყოლა. ბადის მოსაგებად, გურამი ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდა. კარგად ნაცნობ მეტოქეს, „თუშიმ" 16 წამში აუღო ვაზარი და კიდევ, 20 წამში, მერეც, თუმცა, მაგიდის მსაჯებმა ის გააუქმეს და „თუშიმ", დარჩენილი დრო დაძაბულ ორთაბრძოლაში გაატარა, თუმცა, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და ნახევარფინალშიც გავიდა.
1/2 ფინალში, უზბეკი ალიშერ იუსუფოვს შეხვდა. ამ ორთაბრძოლამდე, სპორტსმენებს შორის ურთიერთდაპირისპირებებში 5-0 იყო ქართველის სასარგებლოდ. პირველი ვაზარი უზბეკმა აიღო და „თუშის" გათანაბრება მოუწია, თუმცა, ამის გაკეთება საკმაოდ მალე მოახერხა. შეხვედრის დაწყებიდან არასრულ მეორე წუთზე კი, მეორე ვაზარიც აიღო და ფინალის საგზური, იუსუფოვზე კი, მე-6 გამარჯვება მოიპოვა.
ფინალში გურამმა დაძაბულ ორთაბრძოლაში სამხრეთკორეელ მინიონგ კიმთან, ბოლო წამებზე დამარცხდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საასპარეზო დღეს, ამავე წინაში ასპარეზობდა საბა ინანეიშვილიც. თუმცა, პირველი შეხვედრის შემდეგ, ქართველის მეტოქე ჩეხი ლუკას კრპალეკი იყო და რომელთანაც ჩვენებური იპონით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ემირატების ტატამზე ამ დღეს კიდევ ერთმა ქართველმა სოფიო სომხიშვილმა იასპარეზა. +78 კგ წონით კატეგორიაში სოფო, პირველივე წრიდან გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.
აბუ დაბიში დღეს, ორმა ქართველმა „მამლუქმაც" იასპარეზა. -100 კგ წონით კატეგორიაში, გერმანიის სახელით გიორგი უძილაურმა და ესპანეთის სახელით ნიკოლოზ შერაზადიშვილმა. საბოლოოდ, ქართველები რეპეშაჟში გადაეყარნენ ერთმანეთს, სადაც „შერეზადამ" მოახერხა გამარჯვება და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლის მოგებაც.
აქვე შეგახსენებთ, რო, -90კგ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა გიორგი ჯაბნიაშვილმაც, თუმცა, პირველი წრიდანვე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.
საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა, აბუ დაბუში, ინდივიდუალურ ასპარეზობებში 2 ოქროს 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პარიზის ოლიმპიადის წინ, პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული გუნდი საკმაოდ ამაღლებული განწყობაზეა: გვყავს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი - გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატს იგებს. ჩვენებმა, სამ წონით კატეგორიაში მოახერხეს ფინალში გასვლა. ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატია, ქართველი ჯუდოკები ორი ოქროს მოგებას ახერხებენ, ხოლო ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია, ჩვენი გუნდის ტურნირს ოქროს მედლის გარეშე არ ტოვებს. და აქვე შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა შემატა ქართულ ყულაბას. ეს, ინფორმაცია სტატისტიკის მოყვარულებისთვის. ხვალ კი, აბუ დაბიში, შერეული გუნდური ასპარეზობაა, რომელშიც ქართველები მეოთხედფინალიდან ჩაერთვებიან.
ფოტო: © IJF თამარ ყულუმბეგაშვილი