თუ არ გაქვს ოცნება, არ გაქვს წარმატება
თუ არ გაქვს ოცნება, არ გაქვს წარმატება
22.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიაში შეიკრიბება და იქ დაიწყებს მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა თვლის, რომ ეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უფრო მისაღები და ლოგიკური იყო. მითუმეტეს, რომ უეფა-სგან დათმობილი ორი სათამაშო ფანჯრიდან, ჩვენები მხოლოდ ერთის ათვისებას ახერხებენ. მოგეხსენებათ, 9 ივნისს ჩვენი გუნდი, პოდგორიცაში ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგროს დაუპირისპირდება.

„გვინდოდა ამხანაგური თამაში თბილისში გვეთამაშა, სამწუხაროდ, გუნდთან რომელთანაც შეთანხმებული ვიყავით ამ თამაშზე, საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვეს. დარჩენილი გუნდები სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩამოვიდნენ. შესაბამისად, რადგან თბილისში არ გვიწევდა თამაში და იქიდან გამომდინარე, რომ  ბევრ ფეხბურთელს ფლეი-ოფების თამაში ჯერ კიდევ უწევს, 26 მაისს ამთავრებს სეზონს და რამდენიმე დღე სჭირდებათ დასასვენებლად, ნათელი იყო, რომ  2 ივნისამდე არ ხერხდებოდა მათი გუნდთან შემოერთება.  ამიტომ გადავწყვიტეთ გერმანიასთან ახლოს ავსტრიაში მოვემზადოთ. საგურამოშიც საუკეთესო პირობებია, მაგრამ ყველა სიტუაციიდან გამომდინარე უკეთესი იქნება შეკრება იქ დავიწყოთ", - ამბობს ალექსანდრე იაშვილის, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.


იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ ევროპული სეზონის ბოლოს და 26 მარტის წარმატების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგიონმა, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, ფრენა დაიწყო, ჩვენი გვერდისთვის საინტერესო იყო, სამწვრთნელო გუნდის მიდგომა, რამდენად სწორად მოახერხებდნენ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის დაგროვილი მუხტის მართვას.


 „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები საკუთარ კლუბებში კარგად თამაშობენ, ეს ქმნის კონკურენციას და არის ნაკრების მამოძრავებელი ძალა. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ზოგ ფეხბურთელს დაეხმარა კიდეც, უფრო მეტი მოტივაცია მიეცათ. წლების მანძილზე, იმ სიმძიმეს, რომ ვერ ვახერხებდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას,  ყველა ჩვენგანი  წლების განმავლობაში ვატარებდით. ახლა, ბევრ ფეხბურთელს მოეხსნა ეს მომენტი. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე ტურისტებად არ მივდივართ, ჩვენ გვაქვს ამბიციები და მივყვებით გეგმას. ჩვენი მიზანია წარმატებით ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.




ფიფა-ს ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ვილი სანიოლიმ ერთ-ერთ თემად ქართულ ხასიათზე ისაუბრა - გუნდის გულშემატკივარზე, რომელთა ნაკრებიც ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არ ყოფილა და უცებ, გადაწყვიტეს რომ 16 გუნდშიც უნდა მოხვდნენ. ბუნებრივია, ქართული ლეგიონის წარმატებული სეზონის ფინიშზე და გულშემატკივრისგან მომდინარე ამ განწყობებზე. კვლავ „მუხტის" თემას ვუბრუნდებით და ამჯერად ვილისებური რაკურსით შევხედოთ რა ხდება.


„თუ არ გაქვს ოცნება, არ გაქვს წარმატება. თქვენი ოცნებები ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის მოტივაციაა, რომ უფრო მეტი ვიშრომოთ. არასდროს შეწყვიტოთ ოცნება, იმიტომ, რომ ოცნების გარეშე წარმატებაც ვერ მოვა... ფეხბურთში ბევრი დისციპლინაზე და გუნდურ ინტერესზეა დამოკიდებული. მარტში ჩვენ როგორც გუნდი ვგრძნობდით თავს ისე, როგორც არასდროს, შეკრულად. ფეხბურთი არაა ტალანტებისთვის მხოლოდ. ტალანტი მცირედია და წარმატებამდე დიდი სამუშაოა", - ამბობს ვილი სანიოლი, რომელმაც ჩვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გარდა, საქართველოს ნაკრების იმ 26-კაციანი გუნდის სია დაასახელა, რომელსაც უეფა-ს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის „გაიდლაინების" მიხედვით 7 ივნისამდე ოფიციალური განაცხადის სახით შეიტანს საორგანიზაციო კომიტეტში. ბოლოს როცა ვნახეთ ერთმანეთი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ახლაც ბედნიერი ვარ. ევროპისთვის სამზადისი ახლა იწყებაო - ამბობს ვილი და დასძენს, რომ მისთვის საკმაოდ რთული იყო, არჩევანის გაკეთება და თუნდაც, საზოგადოების მიერ მოთხოვნილი ირაკლი აზაროვისთვის ამ ეტაპზე უარის თქმა.


„ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მეტი ფეხბურთელი არ გამოვიძახე. მე თვითონ მქონია შემთხვევა, როდესაც მწვრთნელს მოუწია ერთ კვირაში რამდენიმე ფეხბურთელისთვის ახსნა, თუ რატომ უწევდა მათი შემადგენლობიდან ამოგდება და ამას ზოგიერთის კარიერაზე ცუდი გავლენაც კი ჰქონია. აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვება ალბათ, ყველაზე რთული  გადაწყვეტილება იყო. თუმცა, არჩევანი უნდა გამეკეთებინა. თქვენ თქვით, რომ არ ხართ დარწმუნებული, როგორ ფორმაში დაბრუნდება ლევან შენგელია, მე კი გეტყვით, რომ მე დარწმუნებული ვარ", - ამბობს სანიოლი.




აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია გიორგი ლორია, რომელსაც 26 მარტს მიღებული, სრულიად გაუგებარი წითელი ბარათი, მხოლოდ ერთ თამაშიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა და თურქეთთან, 18 ივნისის მატჩის შემდეგ, ის ჩვეულებრივად სრულფასოვნად გუნდთან ერთად იქნება.


მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)


დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო),  საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).


და ბოლოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მედიის ნაწილში პოპულარულ (ნიუსის გაყიდვადი) ფეხბურთელთა სატრანსფერო ამბები, ევროპის ჩემპიონატისგან დამოუკიდებლად წარიმართება და ფეხბურთელები, რომელთაც ისედაც არ აკლიათ მოტივაცია, სადებიუტო ევროს კონცენტრირებულები და ფოკუსირებულნი შეხვდებიან.