წითელ არშიას ტატო კვლავ არავის უთმობს
წითელ არშიას ტატო კვლავ არავის უთმობს
21.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატს იგებს. ქართველო ჯუდოკა მისი პირადი და ქართული ძიუდოს ისტორიის წერას აგრძელებს. -81 წონით კატეგორიაში მოასპარეზე გრიგალაშვილმა, მორიგი ტრიუმფისკენ გზა მეორე წრიდან დაიწყო და პირველი შეხვედრა, გერმანელი ტიმო კაველიუსი, მიუხედავად იმისა, რომ ვაზარით იგებდა, საბოლოოდ ჰანსუკო მაკეთი დაამარცხა. ჰანსუკო მაკეთი მოუგო თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქს, იგივე ვანო რევაზიშვილს დამატებით დროში და მეოთხედფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი იყო, რომელიც დამატებით დროში ვაზარით გამოთიშა ასპარეზობას.


გრიგალაშვილი, განსხვავებით სხვა ტურნირებიდან, დღეს დინჯად და აბსოლუტურად აუღელვებლად მიდიოდა ოქროს მედლისკენ. 1/2 ფინალში მისი მეტოქე კორეელი ჯონჰვან ლიი იყო. აქ ქართველმა ძირითადი დროის დასრულებამდე 29 წამით ადრე აუღო მეტოქეს ვაზარი და მოიპოვა გამარჯვება. ტატო ფინალში გავიდა სადაც, მისი მეტოქე ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე 20 წლის ტიმურ არბუზოვი იყო.



სხვათა შორის, ტატოსთან დაპირისპირებამდე, არბუზოვმა, ასპარეზობიდან მატეას კასე და ბოლტობაევი ერთი მეორეს მიყოლებით გამოთიშა ასპარეზობას და 1/2  ფინალში, საქართველოს წარმომადგენელს, დიმიტრი გოჩილაიძეს დაეჯახა. სხვათა შორის, არბუზოვი ორჯერ გადაურჩა ქართველს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გაიმარჯვა და ფინალში, ტატოზე გავიდა.


ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თუმცა, როგორც ფინალს ეკადრებოდა. ტატოს, ტატამის დატოვება და სამედიცინო ჯგუფთან გასვლა ორჯერ მოუხდა, თუმცა, ამ გარემოება, როგორც ჩანს უფრო მეტი ენერგია შემატა ქართველს და გრიგალმა, რომელიც მთელი დღე ჩამგდარი იყო, აქ ამოვარდა. ტატომ ვაზარი შეხვედრის დასრულებამდე 10 წამით ადრე აიღო და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანაც არ გასჭირვებია.


ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ გავიდა. აქედან სამი წელია ზედიზედ ქართველი ტურნირს იგებს და ტიტულის შენარჩუნებას ახერხებს. პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ, ქართველი ნაღდად ამაღლებულ განწყობაზეა, თუმცა, ახლა, უპრიანი იქნება, თუკი „გრიგალი" დროებით მიწყნარდება და წლის მთავარი შეჯიბრისთვის მოიკრებს ძალებს.


დიმიტრი გოჩილაიძე ვახსენეთ და ბუნებრივია, ამ სპორტსმენის  დღევანდელ ასპარეზობას  გვერდს ვერ ავუვლით. თუ არ ჩავთვლით არბუზოვთან შეხვედრას, ქართველის ასპარეზობას სტაბილურად შევაფასებდით. „გოჩილამ" ტურნირი იპონით დაიწყო, მეორე დაპირისპირება ბოლო წამზე ვაზარით დაამთავრა. მერვედფინალში, იტალიელი ესპოზიტო იპონით დაამარცხა და ბადეც ღირსეულად, ბრძოლაში აღებული ვაზარით მოიგო. 1/2 ფინალში ქართველი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არბუზობთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში გადაერთო. სამწუხაროდ და ალბათ, ნახევარფინალში განცდილი მარცხის განწყობა, დიმიტრის ბრინჯაოს ფინალშიც გადმოჰყვა და საბოლოოდ, დამარცხდა.




დღესვე, აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა. -63 კგ წონით კატეგორიაში, ეთერ ასკილაშვილმა მოგებით დაიწყო. თუმცა, მეორე შეხვედრაში, სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ერთი საინტერესო დეტალი, ოფიციალურად -81 კგ-ში დღეს ქართული გუნდიდან ორი  ტატო გრიგალაშვილი და დიმიტრო გოჩილაიძე ასპარეზობდნენ, თუმცა, თუ აღნიშნული წონის ბადეს გადავხედავთ, კარგად დავინახავთ, რომ ტატოს და დიმიტრის გარდა, საკმაოდ სოლიდური იყო ქართველ მამლუქთა ნუსხა - თურქეთის სახელით ალბაირაქზე უკვე მოგახსენეთ. პორტუგალიის სახელით ანრი ეგუტიძე, ავსტრიის სახელით ვაჰიდ ბორჩაშვილი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით ნუგზარ ტატალაშვილმა იასპარეზეს.


და ბოლოს, ხვალ აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება. ქართველთაგან ტატამზე -90 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი ჯაბნიაშვილი გამოვა.


ინდივიდუალური ასპარეზობის ბოლო დღეს, 23 მაისს, მედლების ბოლო კომპლექტები გათამაშდება. ქართველებიდან  +78კგ-ში სოფიო სომხიშვილი, +100კგ-ში გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი იასპარეზებენ.


ასპარეზობის სამი დღის შემდეგ ქართული გუნდის აქტივში ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.



ფოტო: (c) IJF Di Feliciantonio Emanuele / თამუნა ყულუმბეგაშვილი