პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ" „რაკოვს" უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 იმარჯვა. კაკაბაძემ სათადარიგო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მატჩში 68-ე წუთიდან ჩაერთო. „რაკოვთან" გამარჯვებით ქართველი მცველის კლუბმა უმაღლეს ლიგაში დარჩენა გაინაღდა. ბოლო, 34-ე ტურში კი, „კრაკოვია", „რუხს" ესტუმრება.
ნიკა კვეკვესკირის „ლეხმა" კი, „ლოძთან" სტუმრად ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი მატჩში 64-ე წუთიდან ჩაერთო და მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ბოლო ტურში „ლეხი", „კორონას" უმასპინძლებს.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ელვერსბერგთან" სტუმრად მოგებულ მატჩში, პირველი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 52-ე წუთზე ბუდუმ გაიტანა და „კარლსრუე" დააწინაურა. საბოლოოდ, „კარლსრუემ" მატჩი 3-0 მოიგო და გერმანიის მეორე ბუნდესლიგა 55 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა. ბუდუმ, 2023-24 წლების სეზონში ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლალიგა 2-ში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე" სტუმრად „ელდენსეს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა. 41-ე ტურში „ლევანტე", „ალკორკონს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ქოჩორაშვილის გუნდი ლალიგაში გადასასვლელ საპლეიოფო ზონაში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
ლალიგაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ", „ჟირონას" უმასპინძლა და ანგარიშით 1-3 დამარცხდა. მამარდამ, მატჩი ტრადიციულად ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ღამურები" სტუმრად „სელტა ვიგოს" დაუპირისპირდებიან.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლო ტურის მატჩი პსჟ-ს წინააღმდეგ გამართა ჟორჟ მიქაუტაძის „მეცმა" და ანგარიშით 0-2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟის გუნდმა ლიგა 1-ში გარანტირებული ადგილი ვერ შეინარჩუნა, „მეცს", დარჩენის შანსი კვლავაც აქვს. ქართველი ფორვარდის გუნდი პლეი-ოფის ითამაშებს. პლეი-ოფის მეოთხედფინალში „როდეზსა" და „პარიზს" შორის გამარჯვებული ნახევარფინალში „სენტ ეტიენს" დაუპირისპირდება, მათ შორის მოგებული კი, ლიგა 1-ის ადგილისთვის სწორედ, „მეცთან" იბრძოლებს. ფინალური შეხვედრა 2 ივნისსაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძემ ლიგა 1-ში 13 გოლი და 4 ასისტი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ჟორჟმა გია გურულის (12 გოლი) რეკორდი მოხსნა და ლიგა 1-ში ყველაზე მეტი ქართული გოლის ავტორიც სწორედ ის არის.
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანმა", სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „რუზამბეროკს" უმასპინძლა და 5-1 მოიგო. ჩემპიონთა რიგებში ანგარიში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გახსნა, რომელმაც მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 81 წუთი გაატარა. ჯაბა კანკავა კი, შეხვედრის განაცხადში არ იმყოფებოდა.