საქართველოს ქალთა ლიგაზე მე-9 ტურის შემდეგ, სანაკრებო შესვენება გამოცხადდა. თუმცა, ამ შესვენების დროს, 30 მაისს, მეორე ტურის გამოტოვებული შეხვედრა „ნორჩ დინამოსა" და „ბათუმს" შორის გათამაშების კალენდარში ჩანიშნულია.
სწორედ, „ბათუმისა" და „ნორჩი დინამოს" მატჩით დაიხურა მე-9 ტური. შეხვედრა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართა და ის, აჭარის ტელევიზიითაც გადაიცა (იხილეთ ბმული). აღნიშნულ ტურამდე, აჭარული გუნდი, 12 ქულით მეოთხე ადგილზე იყო. თბილისელები, კი, 4 ქულით მე-6 ადგილზე. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ „ნორჩ დინამოს", სატურნირო ცხრილის ქვედა ოთხეულში მყოფი გუნდებისგან განსხვავებით ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„ბათუმისა" და „ნორჩი დინამოს" დღევანდელი დაპირისპირება კი დღეს, აჭარაბეთ არენაზე, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, განსაკუთრებით სტუმართა მხრიდან ანანო წიქარიძეს გამოვარჩევდით, რომელსაც ხან ბათუმელთა მეკარე თეკლე გულორდავა უშლიდა გოლის გატანაში ხელს და ხანაც, კარის ძელი. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ კი, ამ შეხვედრაში „სამქულიანი" გოლი 71-ე წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს. აჭარის მთავარ სტადიონზე ქალი ფეხბურთელებიდან პირველი გოლის ავტორი, ლინდა ანთაძე გახდა. „ბათუმმა" კი, მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა.
ტური კი, 18 მაისს, თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, გათამაშების ლიდერის თბილისის „კვარტალისა" და ქუთაისის „მართვეს" მატჩით დაიწყო. თბილისურ-ქუთაისურ დაპირისპირებაში ანგარიში მე-9 წუთზე ანასტასია ბოლქვაძემ გახსნა, უკვე მე-15 წუთისთვის კი, კვარტალელები 3-0-ს იგებდნენ. დუბლი ნათია დანელიას (12', 14') ანგარიშზეა. დანელიამ მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, 77-ე წუთზე. დანელიას ჰეთ-თრიქამდე 61-ე წუთზე, „მართვეს" კარი მეგი ეჯიბიამ აიღო. საბოლოო ანგარიში კი, 90-ე წუთზე, მარიამ გასანოვამ დააფიქსირა. „კვარტალმა" 6-0 მოიგო.
9 ტურის შემდეგ, ქალთა ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე და მესამე ადგილებზე თანაბარი, 21-21 ქულით განლაგდნენ თბილისის „ნიკე-ლუსი" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი". თამაში, რომელიც თბილისში, 19 მაისს „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე ჩატარდა, სფფ-ს YouTube არხით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა (იხილეთ ბმული). ტურის ცენტრალურ მატჩში, ანგარიში მე-12 წუთზე, სტუმართა გუნდიდან ეთერ სულაშვილმა გახსნა. თუმცა, 37-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძის გოლის შემდეგ, ანგარიში გათანაბრდა. საინტერესო გამოდგა მეორე ტაიმი, რომლის საწყისი წუთები დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, 62-ე წუთზე, თითქმის მინდვრის ცენტრიდან დაწყებული სტანდარტული, რომელიც საბოლოოდ, ვანესა-ფრანკო ხირალდოს გოლმა დაასრულა, ანგარიშში უპირატესობა თბილისელთა სასარგებლოდ დააფიქსირდა. მათაც, ის ხელიდან აღარ გაუშვეს. მატჩი 2-1, „ნიკე-ლუსოს" გამარჯვებით დამთავრდა.
მშრალი ანგარიშით, 0-2 დამარცხდა ხობში, პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ „კოლხეთი", რომელმაც ამ ტურში თბილისის „ელიტას" უმასპინძლა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში, 68-ე წუთზე თეკლა ბერიძემ გახსნა. ტაიმის მიწურულს, თბილისელები ათნი დარჩნენ, თუმცა, თამაში არა მხოლოდ გამარჯვებამდე მიიყვანეს, არამედ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე, 11-მეტრიანით, სათვალავში მეორე გოლიც ჩაიწერეს. მისი ავტორი ქეთევან სუხიაშვილია.
ქალთა ლიგის გათამაშება 8 ივნისს განახლდება.
ფოტო: თორნიკე თავაძე / სკ "დინამო ბათუმი"