ევროპული საკლუბო ფეხბურთის სეზონი დასასრულს უახლოვდება. ქართველი ლეგიონერები კლუბებში მიმდინარე სეზონში ბოლო მატჩებს მართავენ. ამასთან არც თუ ურიგოდ, თუ პირიქით არა და ეს ყველაფერი, ერთი თვით ადრე ხდება საქართველოს ნაკრების სადებიუტო ევროპის ჩემპიონატამდე.
16 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" „რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდა. ღამურებმა მატჩი მინიმალური ანგარიშით 0-1 დათმეს და უეფა-ს ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების თეორიული შანსიც დაკარგეს. მამარდაშვილი, „ვალენსიელთა" მხრიდან საუკეთესო იყო და აქტივში ერთი კარგი „სეივიც" ჩაიწერა, თუმცა, ქართველი მეკარის გუნდი მესამე წუთზე, ანდრე სილვას გატანილი გოლით დამარცხდა. ლალიგის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, „ვალენსიამ" კი ევროტურნირების საგზურის მოპოვების თეორიული შანსიც დაკარგა. 37-ე ტურში, 19 მაისს, გიორგი მამარდაშვილის გუნდი, „ჟირონას" უმასპინძლებს.
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ზურიკო დავითაშვილმა. „ბორდომ", შინ, „პოს" 3-2 სძლია, ქართველმა ნახევარმცველმა კი, მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო. მეშვიდე წუთზე ზუკას პასით ვეისბეკმა ანგარიში გახსნა. მე-16 წუთზე, ქართველმა ლივოლანტს გაატანინა. 51-ე წუთზე დავითაშვილმა თავადაც გაიტანა და საბოლოოდ, 8.6 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ლიგა 2-ის 2023-24 წლების სეზონი ზუკამ, 8 გოლითა და 8 პასით დაასრულა.
იტალიის სერია ა-ს 37-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა. ბოლოსწინა ტურში „ნაპოლი", „ფიორენტინას" დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პარტენოპეიმ უშუალო კონკურენტთან 3 ქულის მოპოვება ვერ მოახერხა, ქართველი სუპერვარსკვლავი მაინც გამორჩეული იყო. 57-ე წუთზე ხვიჩამ ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა და „ნაპოლი" მარცხისგან იხსნა. „ნაპოლის" უეფა-ს კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების თეორიული შანსი კვლავაც აქვს. ამ დროისთვის კვარას გუნდი „ფიორენტინას" 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა, „ფიორეს" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრას, ხვიჩა და „ნაპოლი" შინ, 26 მაისს, „ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავენ.
ამერიკის საფეხბურთო ნაციონალურ ლიგაში საბა ლობჟანიძის „ატლანტა" სტუმრად „ცინცინატის" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. საბამ, მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა. ლობჟანიძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 12 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, თუმცა, საფლე-ოფო ზონას მხოლოდ, 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 18 მაისს, „ატლანტა" სტუმრად „ნეშვილს" დაუპირისპირდება.