საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფის მეორე რაუნდის თამაში ვენაში, ადგილობრივი გულშემატკივრით გადაძეძგილ დარბაზში მოუხდა და 37-31 დამარცხდა.
განსხვავებით ამ გუნდების პირველი შეხვედრიდან, რომელიც 9 მაისს თბილისში გაიმართა, ამჯერად ტიტე კალანდაძის შეგირდებმა ტაიმის დასაწყისებში მოახერხეს მაქსიმალურად კონცენტრირება და ბურთი ბურთში გაიმართეს ბრძოლა. თუმცა, პირველი მატჩის მსგავსად, ამჯერადაც იყო ბევრი ხარვეზი და დაღლა, რაც ალბათ, მოკლე სკამის ბრალი უფროა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მატჩის ლაინაფში შეყვანილი ხელბურთელებიდან, პირველმა ტაიმმა ზურა ცინცაძესთან ერთად, რომელსაც 26-ჯერ დაურტყეს და მხოლოდ, 5 სეივი ჰქონდა, 7 ხელბურთელზე გადაიარა.
9 მაისის მატჩისგან განსხვავებით, ვენაში, გოლები ხაზეინ რუსტამოვმაც გაიტანა. პირველი მატჩისგან განსხვავებით ავსტრიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების საპასუხო მატჩი უფრო გახსნილი იყო. პირველ ტაიმში, საქართველოს ნაკრები ახერხებდა სხვაობის, რომელიც ამ მონაკვეთში ძირითადად 2-3 ბურთამდე მერყეობდა, ერთ ბურთამდე დაყვანას, თუმცა, ის „ერთი", ვერაფრით გადავლახეთ.
დღევანდელი შეხვედრის პირველ ტაიმში, რომელიც საბოლოოდ 4 ბურთიანი სხვაობით, 21-17 დასრულდა ყველაზე მეტი 5 გოლი გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე, იყო. ათამაშდა ერეკლე არსენაშვილიც, რომელსაც ამ მონაკვეთში 6 მცდელობიდან 5 გოლი ჰქონდა გატანილი. 4 გოლი ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზე იყო, რომელმაც ამის გაკეთება 4 მცდელობიდან მოახერხა. 2 გოლი ხაზეინ რუსტამოვის და ერთი მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმი ცხოვრებაძის გოლით გაიხსნა, მასპინძლებმა ნელ-ნელა მოახერხეს უპირატესობის გაზრდა და შეხვედრის ამ მონაკვეთში სხვაობა 4 ბურთის შუალედში შენარჩუნდა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი, სხვაობამ ნელ-ნელა ზრდა დაიწყო და 7 ბურთამდეც ავიდა. საბოლოოდ, 6 ბურთით, ორი შეხვედრის ჯამში კი, 8 ბურთით დავმარცხდით და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დავრჩით.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში, ტიტე კალანდაძემ სათამაშო დრო გუნდის მეორე მეკარეს დავით ნიქაბაძესაც მისცა. მას 14 -დან ოთხი მოგერიებული ბურთი ჰქონდა. რაც შეეხება ცინცაძეს, საბოლოოდ, მის ანგარიშზე, 33-დან 7 მოგერიებული ბურთია.
მატჩის შემდეგ მოედნის მოთამაშეების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
(11) გიორგი ცხოვრებაძე 16/10, (18) ერეკლე არსენაშვილი 8/7, (10) ირაკლი კბილაშვილი 9 /7, (7) ხაზეინ რუსტამოვი 6 /3, (34) მირიან გავაშელიშვილი 1/1, (71) გიორგი დიხამინჯია 4 /4, (14) თეიმურაზ ორჯონიკიძე 5/0, (34) მირიან გავაშელიშვილი 1/0.
არ უთამაშიათ: (3) გიორგი ლაპიაშვილი, (5) ვახტანგ ხელისუფალი, (9) გიორგი არეშიძე, (15) ირაკლი გოგოლაძე, (21) სანდრო დარსანია, (94) ზურიკო სიმონია, (24) ზურაბ გოგავა
რთული სათქმელია, თბილისში მოგებული მატჩის შემთხვევაში, რა მოცემულობა იქნებოდა დღეს ვენაში. თუმცა, ერთი ცხადია, რომ საქართველოს საკმაოდ ახალგაზრდული ნაკრები, სადებიუტო ჩემპიონატის შემდეგ, ზრდას განაგრძობს და მალე, ალბათ, საკმაოდ ანგარიშგასაწევ ნაკრებად ჩამოყალიბდება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფლეი-ოფში ჩვენმა მეტოქემ, ავსტრიის ნაკრებმა კი, 2011, 2015, 2019 და 2021 წლების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა მეხუთედ მოახერხა. .