16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატის ფინალში ბასტიონმა ორბი დაამარცხა, ბრინჯაო კი ქუთაისში წავიდა
16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატის ფინალში ბასტიონმა ორბი დაამარცხა, ბრინჯაო კი ქუთაისში წავიდა
12.05.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 16 წლამდე გოგონათა შორის. ჩემპიონი გახდა საკალათბურთო კლუბი "ბასტიონი", რომელმაც ფინალურ მატჩში "ორბი" დაამარცხა. საჩემპიონო მატჩამდე ვერის საკალათბურთო დარბაზში მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელიც ფინალზე დაძაბული გამოდგა.


ბრინჯაოს მედლებისთვის იმერული დერბი გაიმართა. მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს ქუთაისისა და ჭიათურის გუნდები შეხვდნენ. ბოლო პერიოდამდე ჭიათურელები იგებდნენ და დამაჯერებლადაც, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ქუთაისელებმა ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. საბოლოოდ მადონა ჟორჟოლიანისა და თემურ ყუბანეიშვილის გაწვრთნილმა ქუთაისმა მეტოქე 57-54 (სტატისტიკა) დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა.


ქუთაისელებს ანი ენდელაძემ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა. 13 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი ნია ჩოგოვაძის ანგარიშზეა. ჭიათურელთა ლიდერი გახლდათ მარიამ ყაველაშვილი, რომელმაც 24 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. 8 ქულა და 15 მოხსნა მარი ყიფშიძის ანგარიშზე დაგროვდა.


ბრინჯაოს პრიზიორები მოგვიანებით, ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დააჯილდოვეს. ბასტიონელებმა საჩემპიონო მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ორბი კარგი გუნდია, მაგრამ საჩემპიონოდ შემართულ ბასტიონს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ვაჟა ჭოტაშვილისა და მანანა ბიჩინაშვილის გაწვრთნილმა ბასტიონელებმა საბოლოოდ 45-21 იმარჯვეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ბასტიონს ნიცა საბადაშვიმა ულიდერა, რომელმაც ფინალურ მატჩში 12 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. სწორედ საბადაშვილი გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური პრიზი გადაეცათ.


ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროსმედალოსნები ვეტერანმა კალათბურთელებმა - ლია ჩეკურიშვილმა და ნატო ლორიამ დააჯილდოვეს. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა ასევე ვეტერანი კალათბურთელები, რომლებმაც ფინალური მატჩის მე-3 პერიოდის წინ საჩვენებელი შეჯიბრი მოაწყვეს საჯარიმო სროლებში. ისინი გახლდნენ ფინალური მატჩის მონაწილე გუნდებში მოთამაშე კალათბურთელების დედები - ორბის მხრიდან თამარ მგალობლიშვილი და ბასტიონის მხრიდან თამარ კანკია. ამ კალათბურთელების მოედანზე გამოჩენას დიდი და თბილი ოვაციები მოჰყვა. ოივე ვეტერანი ქალბატონი ასევე ვეტერანმა, ამჟამად ქუთაისის გუნდის მწვრთნელმა, მადონა ჟორჟოლიანმა დააჯილდოვა. ვერის ბაღში მისულმა ქალთა კალათბურთის ქომაგებმა გამართული მატჩებითა და ხსენებული შეჯიბრის ხილვით დიდი სიამოვნება მიიღეს.


ასე და ამგვარად, დასრულდა მიმდინარე სეზონის ქალთა ასაკობრივი ჩემპიონატები, რომლებიც 14, 16 და 18 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა. 14 და 16 წლამდელებში ჩემპიონი გახდა "ბასტიონი", ხოლო 18-წლამდელებში პირველობა "ორბმა" მოიპოვა.