ლიდერებმა მორიგი მატჩები მოიგეს
ლიდერებმა მორიგი მატჩები მოიგეს
12.05.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

11 და 12 მაისს საქართველოს ქალთა ლიგის მე-8 ტურის თამაშები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, სატურნირო ცხრილის პირველმა ოთხეულმა მორიგი 3-3 ქულის აღება მოახერხა.


თბილისში, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, თბილისის „ელიტამ" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის მანძილზე სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში, რომელის სფფ-ს YouTube არხზეც გადაიცემოდა, შეხვედრის მე-4 წუთზე 11-მეტრიანით გავიდა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლანა გორგაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პენალტი, ელიტელთა მეკარის სვეტლანა გაბელაიას შეცდომას მოყვა, თუმცა, ეს იყო ფეხბურთელის ერთადერთი შეცდომა, ვინაიდან ის, რომ „ელიტამ" სხვა ანგარიშით არ წააგო, სწორედ, სვეტლანა გაბელაიას დამსახურებაა.


ხობში, პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა „კოლხეთმა" „ბათუმს" უმასპინძლა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, აჭარლებმა, 51-ე წუთზე, ნათია ცეცხლაძის გოლით ანგარიში გახსნეს. 65-ე წუთისთვის კი, კატერინა მალიშევას გატანილი გოლის შემდეგ უკვე, ორი ბურთით ლიდერობდნენ. ბოლო ათწუთეულში, ბათუმელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა დარინა სელიმბამ კიდევ ერთი გოლი გაუტანა ხობელებს, ამჯერად 11-მეტრიანით. „ბათუმმა" კი, 0-3 მოიგო და ახლა, სატურნირო ცხრილში, 12 ქულით, მე-4 ადგილზეა. ამასთან, აჭარლებს, პირველ სამეულთან შედარებით, ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.


უხვგოლიანი თამაში გამოდგა „მართვესა" და „ნიკე-ლუსოს" შორის, რომელიც ქუთაისის სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა პირველივე ტაიმში, რომელიც მშრალი ანგარიშით 0-3 მოიგო, გადაწყვიტა მატჩის ბედი. ანგარიში, მე-8 წუთზე, თინათინ ამბალიას გოლით გაიხსნა.. ტაიმის მიწურულს, ოთხ წუთიან (40', 44') შუალედში კი, ნინო ბუხრიკიძემ დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში, 56-ე და 62-ე წუთებზე ნიკელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ, ანა-მარია ბეჟამ აიღო ქუთათურთა კარი, შემდეგ კი, ვანესა ფრანკო-ხირალდომ. 70-ე წუთზე, „მართვეს" გამოცდილმა ფეხბურთელმა ანა ჯანელიძემ კი მოახერხა პრესტიჟის გოლის გატანა. თუმცა, მატჩში, წერტილი მაიკო ბებიამ დასვა. შეხვედრა 1-6 დასრულდა „ნიკე-ლუსოს" სასარგებლოდ.


დაუმარცხებლად აგრძელებს რეგულარულ ჩემპიონატში ასპარეზობას თბილსის „კვარტალი". თბილისურ დერბიში, რომელიც სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, „კვარტალმა" 1-4 მოიგოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სეზონზე პირველი გოლი „კვარტალის" კარში ავტოგოლი იყო, რომელიც გათამაშების ლიდერი გუნდის მცირე უყურადღებობას მიჰყვა პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე. შესაბამისად,  „ნორჩ დინამოსთან", დედაქალაქურ დერბიშიც, ყველა გოლი „კვარტალმა" გაიტანა. შეხვედრა კი, ლიზი კანკიას დუბლით დაიწყო. კანკიამ „ნორჩი დინამოს" კარი მე-3 და მე-8 წუთებზე აიღო. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 49-ე წუთზე, ნათია დანელიამ, კვლავ ორ ბურთამდე გაზარდა უპირატესობა, 68-ე წუთზე კი, ანასტასია ბოლქვაძემ ამ შეხვედრაში, წერტილი დასვა. „კვარტალმა" 1-4 გაიმარჯვა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.


ქალთა ლიგის მომდევნო, მე-9 ტური 18 და 19 მაისს გაიმართება


სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე


ფოტო: ქსკ „სამეგრელოს"